საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 10 მაისის სხდომა

2006 წლის 10 მაისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. დღის წესრიგში შეტანილი იყო 28 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამსწრეთ აჩვენა მისი ვიზიტის დროს ბალტიისპირეთის ქვეყნებში სუპერმარკეტებში შეძენილი ქართული დასახელების მქონე ფალსიფიცირებული ღვინო "ქინგმარაული", "სვანჯარა" და "ხვანჯვარა". როგორც მან განმარტა, პირველი ორი ბულგარეთშია ჩამოსხმული, მესამე - ესპანეთში. ამასთან, ესპანური ანალოგი თეთრი ღვინოა და მას არაფერი აქვს საერთო ხვანჭკარასთან.

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთი "ქართული ღვინით" სავსეა ევროპის ქვეყნების მაღაზიათა დახლები. ეს პროდუქცია კარგად იყიდება და მისი მწარმოებლები საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ხდება დარგისადმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქართველ მეღვინეთა ორგანიზაციების ხელმძღვანელთა უგულისყურო დამოკიდებულების გამო. შედეგად, როდესაც უცხოელი მეღვინეები ქართული დასახელების ფალსიფიცირებული პროდუქციით ევროპის ბაზარს წარმატებით ითვისებენ, ჩვენი საკუთარი ხვანჭკარა, ქინძმარაული და საფერავი სარდაფებში ფუჭდება.

ზოგიერთი ქართველი მეღვინე, თქვა შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს რუსეთის ბაზრის დაკარგვასა და ევროპის მითიური ბაზრების ძებნაში. სუპერმარკეტების ხელმძღვანელებთან საუბარში კი გაირკვა, რომ ისინი ელიან ქართველი მეღვინეების მიერ მათ სავაჭრო ქსელში ნამდვილი ქართული ღვინის შეტანას, რაც, სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლების მრავალმხრივი ხელშეწყობის მიუხედავად, არ ხდება.

საქართველოს პრეზიდენტი ღალატის ტოლფასად თვლის ქართული ღვინის წარმოების ლიცენზიის გაუმართლებელ გაყიდვას. მაგრამ, ამასთანავე, მიაჩნია, რომ ასეთ დონეზე წარმოების ფალსიფიცირების უფლება არავის აქვს. ეს კი სერიოზული ნაკლია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში, რადგან აღნიშნულის გამო ყველა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი უნდა იყოს აღძრული.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს საქართველოში მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის კურსს და ყოველმხრივ დაეხმარება მევენახეებსა და მეღვინეებს, მაგრამ მეღვინეებიც უნდა ამოქმედნენ და სახელმწიფოსთან ერთად დაძლიონ შექმნილი სირთულეები.

საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ შეხვდეს ყველა მეწარმეს და გამართოს დეტალური საუბარი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა ავსტრიული ფირმა "შინხოფერის" ძეხვეულის საქართველოში იმპორტისას შექმნილი პრობლემებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ მთავრობა გაერკვა ამ საკითხებში და ამჟამად "შინხოფერის" პროდუქციის იმპორტს პრობლემები აღარ აქვს. რაც შეეხება პრობლემების წარმოშობის მიზეზებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ისინი დეტალურად იქნება შესწავლილი და მიღებულ გადაწყვეტილებებს მოახსენებენ საქართველოს პრეზიდენტს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ბიზნესისათვის თავისუფალი ქვეყანა, სადაც ევროპის 50-ზე მეტ ქვეყანას შორის კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონეა. ევროპის მასშტაბით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია და ახლა ვცდილობთ, საერთოდ ყველაზე დაბალი გადასახადები გვქონდეს. ჩვენთან ასევე ყველაზე ნაკლებია ლიცენზირების მოთხოვნა. ამიტომ ყველა შემთხვევა, რომელიც კონკრეტული ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს, საგანგებო შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ჩვენი ბიზნესგარემო იმდენად თავისუფალი და ლიბერალური უნდა იყოს, რომ საერთოდ არ გვყავდეს კონკურენტი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს რეგიონში.

ის, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, თქვა შემდეგ პრეზიდენტმა, იმის შედეგია, რომ ამისათვის შევქმენით სათანადო პირობები. კატეგორიულად გავალებთ, არ დაუშვათ თუნდაც ერთი შემთხვევა იმისა, რომ ხელოვნური შეფერხებები წარმოიქმნას რომელიმე კონკრეტული, თუნდაც ყველაზე პატარა ბიზნესის მიმართ. ეს ეხება არამხოლოდ დიდ ბიზნესმენებს და არამხოლოდ უცხოელებს. ყველაზე მცირე მეწარმეც კი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არ არსებობს რომელიმე თანამდებობის პირი, რომელიც მის ბიზნესს რაიმე პრობლემას შეუქმნის. ეს ჩვენ უკან მოვიტოვეთ, ეს ჩვენი სიამაყეა და, ღმერთმა ნუ ქნას, რაიმე ნეგატიური რეციდივი ბიზნესის მიმართ სადმე წარმოიქმნას. ეს არის ძალზე მკაცრი დავალება, მითითება, რომელსაც მე თვითონ ბოლომდე მივყვები და ასეთ საკითხებს ბოლომდე შევისწავლი.

საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა დუბაიში დაკავებული საქართველოს მოქალაქით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა პრეზიდენტს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია დუბაიში დაკავებული საქართველოს მოქალაქის შაქრო კალაშოვის შესახებ, რომელსაც, როგორც გაირკვა, რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული.

საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლექტივს წარმატებული ბრძოლა კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ და მოუწოდა მჭიდრო თანამშრომლობისაკენ სამართალდაცვის საერთაშორისო ორგანოებთან.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი