საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 4 ივლისის სხდომა

2006 წლის 4 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 23 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტშია წარდგენილი და თვის ბოლოს იქნება მიღებული. მანვე აღნიშნა, რომ წლის პირველი ექვსი თვე პროფიციტით დამთავრდა, შემოსავლები ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე დეფიციტის დაფინანსების შედეგად გაწეული ხარჯი. ექვსი თვის შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას თვის ბოლოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე წარმოადგენს, მანვე უნდა მიაწოდოს მასალა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საკითხის სათანადოდ გასაშუქებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის განმავლობაში საქართველოში დამატებით დასაქმდა დაახლოებით 10 ათასი ადამიანი და ჯამში წლის პირველ ნახევარში ამ რიცხვმა 80 ათასს მიაღწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ ივნისში ჩვენ გვქონდა 0,2% დეფლაცია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთავრობის მთავარ საკითხად და პრობლემად მაინც რჩება ინფლაციის წინააღმდეგ ზომების მიღება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი