საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 15 აგვისტოს სხდომა

2006 წლის 15 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამსწრეთ აცნობა, რომ რამდე­ნიმე დღე გაატარა რეზერვისტთა ბანაკში, საიდანაც დიდი შთაბეჭდილებებით დაბ­რუნდა. მიმაჩნია, თქვა მან, საქართველოს ჰყავს პატრიოტთა დიდი ჯგუფი, ჩვენი საზოგადოების მართლაც საუკეთესო წარმომადგენლები, რომლებიც ყოველგვარი ხელფასის, რაღაც დაპირებების გარეშე, მრავალი პრობლემის მიუხე­დავად, მიდიან რეზერვისტთა ბანაკებში, ზოგი - შვილებით, ძმებით, ბიძაშვი­ლებით, გადიან სამკვირიანი მომზადების კურსს და, რაც მთავარია, გამოხატავენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, გამოადგნენ საკუთარ ქვეყანას. პრეზიდენტმა აღნიშ­ნა, რომ შეხვდა მრავალ ძალიან კარგ ქართველ ინსტრუქტორსა და ოფიცერს, რომ­ლებიც კარგად მუშაობენ რეზერვისტებთან, ასევე საკუთარ თავზე. ამდენად, ეს უკვე არის სულ სხვა ქართული არმია, სხვა ქართველი ოფიცრობა და სხვა ქართველი საზოგადოება.

საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დასახა რეზერვის­ტთა რაოდენობის გაზრდა. მან თქვა, რომ შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების გარდა, დღეს ჩვენ გვყავს 50 ათასი მეტნაკ­ლებად კარგად მომზადებული რეზერვისტი, ხოლო ჩვენზე არცთუ დიდ ქვეყნებს, მაგალითად, შვეიცარიასა და ისრაელს, შესაბამისად, - 400 და 500 ათასი რეზერ­ვისტი. ამიტომ მოსალოდნელი საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები და ამ გართულებების ინიციატორებს დავუკარგოთ ჩვენი ქვეყნისათვის რაიმე პრობლემის შექმნის ხალი­სი, უახლოეს თვეებში გვჭირდება რეზერვისტთა რაოდენობის გაორმაგება. ჩვენ უნდა გვყავდეს მინიმუმ 100 ათასი მომზადებული რეზერვისტი, რისთვისაც საჭი­როა უკეთესი საკანონმდებლო ბაზა და, საერთოდ, უკეთესი მატერიალურ-ტექნი­კური ბაზა.

ბანაკში ყოფნა, პრეზიდენტის განმარტებით, მისთვის ძალზე სასარგებლო იყო დასკვნების გასაკეთებლად. მაგალითად, პრეზიდენტის კარავში 45 გრადუსი სიცხეა, სადაც ერთ-ორ დღეს კიდევ გაჩერდება კაცი, მაგრამ რვა ღამის განმავლობაში იქ დაძინება შეუძლებელია. ასევე, საჭიროა გაუმჯობესდეს სანიტარული პირობები, ელექტრომომარაგება, მით უმეტეს, რომ ხალხს რამდენიმე კვირა უწევს იქ ყოფნა. საქართველოს მთავრობამ ყოველივე ეს უნდა გაითვალის­წინოს და უზრუნველყოს, რომ მოეწყოს ისეთი სტაციონარული ყაზარმები, სადაც სიგრილე იქნება და იქ მყოფთ ხელოვნურად არ შეექმნებათ პრობლემები. პრინ­ციპში, ჩვენ შევქმენით უკეთესი საველე პირობები, ვიდრე საბჭოთა კავშირში ოდეს­მე ყოფილა, მაგრამ გვჭირდება, მართლაც, თანამედროვე სტანდარტების მქონე ბანაკების შექმნა, ისეთებისა, როგორიც არის მაგალითად სენაკში.

მინდა დავავალო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, თავდაც­ვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს დაიწყონ მუშაობა სრულიად ახალი ტიპის რეზერვისტთა ბანაკების შექმნისათვის, სადაც იქნება მსოფლიოში არსებული სტანდარტების შესაბამისი საუკეთესო პირობები.

ჩვენ გვჭირდება რეზერვისტები. ყველა ადამიანის ვალია, პრეზიდენტით დაწყებული და დამთავრებული საზოგადოების რიგითი წევრით, შეიძინოს ელემენტარული თვი­სებები, რათა ქვეყანას გამოადგეს. ეს ძალიან კაცური საქმეა და მიმაჩნია. რომ ჩვენ შევძლებთ მის ბოლომდე მიყვანას, განხორციელებას, ადრე დასახული მიზნე­ბის მსგავსად.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კოდო­რის ხეობაში, უფრო სწორად, ზემო აფხაზეთში ინფრასტრუქტურის შექმნის სამუშაოთა მიმდინარეობას. მან თქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო იქ ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა, მიუღებელია აღმშენებლობის პროცესის დაწყების ტემპი. იგი უნდა დაჩქარდეს, და ერთ თვეში, მაქსიმუმ თვენახევარში, კოდორში, მთლიანად ზემო აფხაზეთში, უნდა იყოს ახალი ინფრასტრუქტურა. იქ ჩვენ გვჭირდება ახალი, მინი-ქალაქის გაშენება, ახალი სახ­ლები, გაფართოებული აეროდრომი, ვერტოდრომები, სოციალური ინფრასტრუქტუ­რის განვითარება, სატრანსპორტო საშუალებების ბევრად უკეთესი ორგანიზება. ყოველივე ეს ოქტომბრამდე უნდა მოესწროს.

ეს არის პრემიერ-მინისტრის დონის ამოცანა და საქართველოს მთავრობაში მის გადაწყვეტაზე ბატონი ზურაბ ნოღაიდელია პასუხისმგებელი. ამასთან, მინდა დავავალო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს აფხაზე­თის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელ მ.აკიშ­ბაიას­თან ერთად ჩაიბაროს კოდორი და პასუხი აგოს სექტემბრის ბოლომდე იქ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომ არც ახლა და არც შემდგომში არავის წაუცდეს ხელი რაიმე სახის პროვოკაციაზე. იქ უნდა მოეწყოს ისეთი ინფრასტრუქ­ტურა, როგორსაც შექმნიდნენ ამერიკელები, ინგლისელები, გერმანელები, სხვა მოწინავე ერები, და იქ მყოფმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. თუ საჭიროა, დიახ, სამ კვირაში უნდა ააშენო აეროპორტი. ამის პრეცედენტი ისტორიაში არსებობს და ჩვენც უნდა შევძლოთ იგივე. ერთ თვეში დიდ ქალაქს ვერ ავაშენებთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში სასწაული უნდა მოვახდინოთ და უნდა ავაშენოთ ახალი დასახლებული პუნქტი, სადაც განლაგ­დება მთავრობა. ამ თვენახევარში კოდორში უნდა იყოს ისეთი აღმშენებლობა, რომ დანარჩენმა აფხაზეთმა დაინახოს, რაც მათ ვერ გააკეთეს ომის შემდეგ ამდე­ნი ხნის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილას, მოახერხა ერთ თვეში. ეს იქნება გაკვე­თილი ყველასათვის, მათ შორის, სეპარატისტებისა და მათი მფარველებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა აჭარის მთავრობის ინიციატივა. მათ კოდორის ხეობაში რამდენიმე ათეული კოტეჯი გააგზავნეს. მიუხედავად იმისა, თქვა პრეზიდენტმა, რომ აჭარაში ახლა საკურორტო სეზონია შესაბამისი პრობლემებით, აჭარის მთავრობამ და მისმა ხელმძღვანელმა ლევან ვარ­შალომიძემ შეძლეს კოდორის ხეობის მოსახლეობისათვის ყველაზე კარგი საჩუქ­რის გაკეთება და კოდორელებმა იმ ადგილს, სადაც ეს კოტეჯები განთავსდება, აჭარის მოედანი შეარქვეს. მოგიწოდებთ, ყველამ შექმნათ თქვენი მოედნები და ქუჩები იქ, ყველამ აჩვენოთ ხეობაში წარმატებული მუშაობის მაგალითები.

მესამე საკითხი, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება, იყო ქვეყანაში საკურორტო სეზონის მიმდინარეობა. მან თქვა, რომ ივნისში სპეციალურად ამ საკითხზე გამართულმა თათბირმა შედეგი გამოიღო. პირველი წე­ლია, როდესაც საქართველოს თითქმის ყველა სამთო კურორტი - შოვი, ნუნისი, საირმე, ბახმარო, ბაკურიანი და სხვა ხალხით არის სავსე. ეს ძალიან სერიოზული პროგრესია.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბევრი რამ ვერ მოესწრო, გამოყო­ფილი თანხები მთლიანად არ არის ათვისებული. ზოგან ვერ მოეწყო განათება, ზოგან - ტერიტორიის კეთილმოწყობა. დარჩენილ დროში ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მან თქვა, ჩვენი საკურორტო ინფრასტრუქტურა ისევ გამოცოცხ­ლდა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აბასთუმანში, მანგლისში, ბახმაროში შენდება გზები. მაგრამ ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ნუნისს, ბაზალეთის ტბას, თბილისელთათვის ამ საყვარელ საკურორტო ადგილს, საირმეს, შოვს. მნიშ­ვნელოვანია ამბროლაური-ონის საავტომობილო გზის მშენებლობა, შოვის გზის რა­ღაც დონემდე მიყვანა. რასაც ამ წლის ბოლომდე ვერ მოვასწრებთ, აუცი­ლებლად გავაკეთებთ მომავალ წელს.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გამოცოცხლდა საკურორტო კერები. მაგალითად ნუნისი, შესანიშნავი კურორტი ხარაგაულის რაიონში, ძალიან კარგი სასარგებლო თვისებებით. სადგურიდან სულ შვიდი კი­ლომეტრის გზაა გასაყვანი, რის შემდეგ საათნახევრით შემცირდება მგზავრობის დრო. ეს არ ღირს ძვირი, უბრალოდ, ხელი უნდა მოვკიდოთ და გავაკეთოთ. მარტო ავტობანებით ჩვენი ცხოვრება არ გაუმჯობესდება. ბევრი სხვა მიმართულებითაც გვინდა განვითარება.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი