საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 30 აგვისტოს სხდომა

2006 წლის 30 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. დღის წესრიგში შეტანილი იყო 18 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ახალი ეკონომიკური ინიციატივის თანახმად გრძელდება ინტენსიური მუშაობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. კერძოდ, 29 აგვისტოს გაიმართა ერთობ საინტერესო შეხვედრა მომსახურების სფეროს მუშაკებთან. მან თქვა, რომ ძალზე დიდია ინტერესი ადგილებზე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელების მიმართ და მოუწოდა მთავრობის ყველა წევრს ხშირად გამართონ შეხვედრები საზოგადოებასთან დარგობრივი მიმართულებების მიხედვით, დეტალურად განუმარტონ ხალხს პროგრამის ამოქმედების მნიშვნელობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნათლად გამოიკვეთა ეკონომიკის განვითარების ტენდენციები. მომავალ წელს საქართველოში შეიქმნება დაახლოებით 80-85 ათასი სამუშაო ადგილი, რაც, პრაქტიკულად, გაანახევრებს ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობას. ამდენად, საჭიროა ეს ადგილები შეივსოს ჩვენი კვალიფიციური მოქალაქეებით. რაც შეეხება მათი კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ წელს შეიქმნება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების 11 ცენტრი, რაც ამ პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს შეიძლება ვილაპარაკოთ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ და სთხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მთავრობის წევრების ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ დამსწრეთ აცნობა, რომ დღეს, 30 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება 2006 წელს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები. მან აღნიშნა, რომ წელს შემოსული აპელაციების მაჩვენებელმა საერთო ნამუშევრების მხოლოდ 0,6% შეადგინა, რაც ჩვენი საზოგადოების მხრიდან ეროვნული გამოცდებისადმი მაღალ ნდობაზე მიუთითებს.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელს, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს იმ კოორდინირებული მუშაობისა და ერთიანობისათვის, რის შედეგად შესაძლებელი გახდა გამოცდების წარმატებით მოწყობა და საზოგადოების ნდობის მოპოვება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ მიულოცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოლექტივს, მთელი სისტემის მუშაკებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დამთავრება, მადლობა გადაუხადა მათ ეფექტიანი მუშაობისათვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისაღები გამოცდების ასეთ დონეზე წარმართვა მოწმობს განათლების სფეროში რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

ქ.თბილისის მერის გ. უგულავას მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავ­შირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საპენსიო სისტემა კონცეპტუალურად გადახედვას საჭიროებს. ჩვენ უნდა გადავი­დეთ დაგროვებით სისტემაზე, მაგრამ ეს სერიოზულ მომზადებას მოითხოვს. ყველანაირი თანხა, თქვა მან, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, საბოლოო ჯამში ვერ იქნება ადამიანის მოთხოვნის ადეკვატური, მაგრამ დღეს ვსაუბრობთ იმის შესახებ, რაც გვაქვს, რომ გვყავს მრავალი ადამიანი, რომელთა პენსიის ოდენობა სიღარიბის ზღვარზე დაბალია. მათი მდგომარეობის შემსუბუქებისათვის არის ორი გზა: ერთი - დახმარების გაზრდა, მეორე - პენსიების გაზრდა ნამსახურობის მიხედვით, რომელიც უფრო სამართლიანია.

მიმაჩნია, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ღარიბებს, მაგრამ ამავე დროს პენსიების ოდენობა უნდა გავზარდოთ დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით. უსამართლობაა, რომ ადამიანი, რომელსაც არასოდეს უმუშავია, იღებს იმდენ პენსიას, რამდენსაც ადამიანი, რომელიც შრომის ვეტერანია 40 წელზე მეტი ხნის მუშაობის სტაჟით, დაჯილდოებულია ორდენებით, გამოცხადებული აქვს მადლობები, მრავალი შეჯიბრის (ადრე სოციალისტური შეჯიბრებები იმართებოდა) გამარჯვებულია. ეს არის უმადურობა სახელმწიფოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით პენსიების გაზრდა სამართლიანობის გამარჯვებაა.

ამასთან, არ არის მართებული ამ ღონისძიების მხოლოდ თბილისში განხორციელება. მომავალ წელს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უნდა გამონახონ შიდა რესურსები, როგორც ეს თბილისის მერიაში გააკეთეს, და მთელ საქართველოში უნდა მოხდეს პენსიების ანალოგიური ზრდა. დამსახურებული ადამიანები თბილისის გარდა არიან ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, სხვა ქალაქებში.

კარგად ვიცი, აღნიშნა პრეზიდენტმა, რომ 48 ლარი არ გააბედნიერებს ადამიანს, მაგრამ როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, პენსიის ოდენობა მხოლოდ 14 ლარი იყო, რომელსაც ხალხი თვეობით ვერ იღებდა. ამჟამად პენსია 3,5-ჯერ იზრდება. მართალია, ასევე იზრდება ფასები, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე პენსია. და ეს არის ჩვენი მთავარი მიღწევა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს თბილისის მერის გ.უგულავას ინიციატივას, და იმედი გამოხატა, რომ უახლოეს მომავალში ახალი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები კონსოლიდაციის პირობებში შეძლებენ იგივე გააკეთონ რეგიონებში, რაშიც მათ ცენტრალური ხელისუფლება უნდა დაეხმაროს.

ვფიქრობ, თქვა დასასრულ საქართველოს პრეზიდენტმა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება მთლიანად უნდა მოვიწონოთ და მხარი დავუჭიროთ მას. პენსიების დანიშნვა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით სწორია, სამართლიანია და ეს არის მომავლის სისტემა.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი