საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 6 სექტემბრის სხდომა

2006 წლის 6 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 33 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სთხოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს მთავრობის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება რთველის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა დამსწრეთ აცნობა, რომ რთველი დაიწყო დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებში. ამუშავდა ხუთი საწარმო, სადაც გადამუშავებულია 1187 ტონა ყურძენი. კახეთის რაიონებში ჩავიდა 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი. ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ ფერმერებთან, გლეხებთან ყურძნის შესყიდვის მიზნით. დღეს სავაჭრო ორგანიზაციებმა კახეთიდან თბილისისა და დასავლეთ საქართველოს რაიონების მიმართულებით 300 ტონამდე ყურძენი გააგზავნეს. 40 საწარმო მზად არის ყურძნის მიღებისა და გადამუშავებისათვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა თქვა, რომ 3-4 დღეში რთველი აქტიურ ფაზაში შევა. 7 სექტემბერს იგი გაემგზავრება კახეთში, სადაც კომპანიების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და რეგიონის ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელებენ რთველთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც განხილვას და გადაწყვეტას საჭიროებენ. წლევანდელი რთვლის წარმატებით დამთავრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთის მიერ ემბარგოს გამოცხადებამ მას პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა. ამდენად, ჩვენ ვმოქმედებთ ისე, როგორც საბრძოლო ვითარებას შეეფერება და ყველანი მობილიზებული ვართ, ხაზგამით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სთხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წარმოედგინა ინფორმაცია თუ როგორ სრულდება სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვლადიმერ ჭიპაშვილმა დამსწრეთ აცნობა, რომ პირველ სექტემბერს საქართველოს 10 ქალაქში დაიწყო განცხადებების მიღება. მან თქვა, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ აქტივობამ, რასაც ჩვენი თანამოქალაქენი იჩენენ პროფესიული მომზადებისა და გადამზადებისადმი. სამი დღის განმავლობაში რეგისტრირება გაიარა 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ. მათგან დაახლოებით ნახევრისათვის უკვე გამოინახა სამუშაო ადგილები, ხოლო 850 კაცმა დაიწყო გადამზადების პროცესი. ამდენად, პირველი შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ დღეს გაიმართება შეხვედრა მრეწველობის სექტორის წარმომადგენლებთან. მან მოიწონა სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესრულების მიმდინარეობა და იმედი გამოხატა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალ წელს უფრო მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული.

რაც შეეხება დასაქმებას, მან თქვა, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის რვა თვეში კერძო საწარმოების სახელფასო ფონდი 36,7%-ით გაიზარდა. ივლისში ცვლილება 35% იყო, რაც ნიშნავს, რომ აგვისტოში საქართველოში დამატებით 3 ათასი ფორმალური სამუშაო ადგილი შეიქმნა. აგვისტოშივე შეიქმნა და რეგისტრირებულია დამატებით 3140 საწარმო. ეს კი დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებებით აგვისტოს ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 6% შეადგინა ნაცვლად 6,4%-სა ივლისში. ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნა მან, და იმედი გამოხატა, რომ მსგავსი კოორდინირებული მუშაობა შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოსავლები აგვისტოში სამჯერ გაზრდილი ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 56,5 მილიონი ლარით არის გადაჭარბებული. ეს უკვე ტენდენციად იქცა, რაც ადმინისტრირების გაუმჯობესებასთან ერთად ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებზე მიუთითებს.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი