საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 13 სექტემბრის სხდომა

2006 წლის 13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 17 საკითხი. დღის წესრიგი

თავდაპირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მოხსენებაზე, რომლის თანახმად საქართველო, 2005 წლის მეორე ნახევარსა და 2006 წლის პირველ ნახევარში, ანუ 12 თვის განმავლობაში, რეფორმების განხორციელების მხრივ პირველ ადგილზეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ შარშანვე მიზნად დავისახეთ ვყოფილიყავით იმ 50 ქვეყანას შორის, სადაც ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პირობებია. ეს ამოცანაც განხორციელდა და ქვეყანამ 112-დან 37-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ჩვენი ამოცანაა ადგილი დავიმკვიდროთ 25 ქვეყანას შორის. ამ ქვეყნების რიგში ჩადგომა ძალზე რთული იქნება, ეს ბოლო წლებში მხოლოდ ბალტიისპირეთის სამმა რესპუბლიკამ შეძლო. ამოცანა ამბიციურია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი შესრულება, დასძინა მან და დაავალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს იმ საკითხების განსაზღვრა, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს. მით უმეტეს, რომ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნისათვის საჭირო ლიბერალური საკანონმდებლო ბაზის ჩამოსაყალიბებლად. ეს უნდა გაკეთდეს არა იმისათვის, რომ რეფორმატორების სახელი გვერქვას, არამედ ქვეყანაში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საინვესტიციო კლიმატი. ნავარაუდევია, რომ მომავალ წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაქმების პროცესის გაგრძელების საწინდარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა კოდორის ხეობაში მიმდინარე სამუშაოების გამო და დაავალა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეს, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსს ჯამბულ ბაკურაძეს მიიღოს ქმედითი ზომები, რომ სურსათითა და პირველი მოხმარების საგნებით კოდორის ხეობის მოსახლეობის მომარაგება დამთავრდეს ოქტომბრის დადგომამდე.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი