საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 20 სექტემბრის სხდომა

2006 წლის 20 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 17 საკითხი. დღის წესრიგი

თავდაპირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვლავ გაამახვილა ყურადღება მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო N1 რეფორმატორ ქვეყნად დაასახელეს. ბოლო 12 თვის განმავლობაში რეფორმების განხორციელების მხრივ საქართველომ 112-ე ადგილიდან 37-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

ზურაბ ნოღაიდელმა აგრეთვე ილაპარაკა სინგაპურში მისი სამუშაო ვიზიტის შესახებ. ვიზიტის მთავარი თემა საქართველოში წარმატებულად განხორციელებული რეფორმები იყო. "ვიზიტის დროს სინგაპურის მაგალითზე ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეფორმების სწორ პოლიტიკას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რესურსის ნაკლებობას განიცდიან. ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ საქართველო რეფორმების გატარების კუთხით, გარკვეულწილად, მაგალითის მიმცემი ხდება სხვა ქვეყნებისთვის. ბუნებრივია, უნდა გავაგრძელოთ უფრო სიღრმისეულ რეფორმებზე მუშაობა იმ სფეროებში, სადაც ჯერ კიდევ არ გატარებულა ღრმა რეფორმები. ეკონომიკურ გუნდს მიღებული აქვს შესაბამისი კონკრეტული დავალებები. საჭიროა გავაუმჯობესოთ საინვესტიციო გარემო და შესაბამისად, უფრო სწრაფი უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპები" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის სხდომაზე.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი