საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 6 ოქტომბრის სხდომა

2006 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 27 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს მთავრობის წევრებს მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წარმატებით ჩატარება. არჩევნების პროცესი და პროცედურები წარმატებულად შეაფასეს დამკვირებლებმა, რომელთა ხელმძღვანელობის აზრით, არჩევნების წარმართვის პროცესში ისინი უდიდესი პროგრესის მოწმენი გახდნენ.

ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, და მიულოცა ეს დიდი წარმატება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ქვეყნის მოსახლეობას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეალურად ეს არის პირველი არჩევნები, როცა ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები არჩეული იქნებიან საკრებულოების მიერ, რის გამოც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთობა ახალ სიბრტყეში გადავა. ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში რეფორმების წარმატებით გაგრძელებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის, და მხარდაჭერა, რომელიც საზოგადოებისაგან გუშინ მივიღეთ, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ამომრჩევლების იმედის გასამართლებლად, დასძინა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვეში ინფლაციამ მხოლოდ 6% შეადგინა. ამჟამად, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ამოცანაა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის წლის ბოლომდე შენარჩუნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, განვლილ ცხრა თვეში საწარმოთა დეკლარირებული ბრუნვა 30,1%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო საწარმოების ხელფასის ფონდი - 36,9%-ით. ეს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს, თქვა მან და იმედი გამოთქვა, რომ სანქციებს, რომლებიც რუსეთმა შემოიღო საქართველოს მიმართ, ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო გაძლიერებული შეხვდება.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი