საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 11 ოქტომბრის სხდომა

2006 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 14 საკითხი. დღის წესრიგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 10 ოქტომბერს დაიწყო მოლაპარაკებები ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ნატოსთან ინტენსიური დიალოგის შესახებ დოკუმენტის თაობაზე. მან თქვა, რომ ნატოსთან ურთიერთობაში საქართველო გადადის ძალზე მნიშვნელოვან ეტაპზე, მოლაპარაკებები კონკრეტულ დოკუმენტთან დაკავშირებით დროულად უნდა დამთავრდეს და შემდეგ, ყველამ ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ შეთანხმებული დოკუმენტის პუნქტების შესასრულებლად, რათა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციისაკენ. ნატოს წევრად საქართველოს მიღება თვით საქართველოზეა დამოკიდებული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ეტაპიც ისევე წარმატებით განვლოთ, როგორც წინა, ინდივიდუალური პარტნიორობის ეტაპი, დასძინა მან და მთავრობის წევრებს მაქსიმალური მობილიზებისაკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს მიულოცა პროფესიული დღესასწაული. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 11 ოქტრომბერი იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღედ დაწესდა. იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღე წელს პირველად აღინიშნება და უკავშირდება 1918 წლის 11 ოქტომბერს. ამ დღეს მიღებული კანონით იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის" ოფიციალურ გამოცემას. საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და გამოცემა იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანეს ფუნქციად დღესაც რჩება.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი