საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 3 ნოემბრის სხდომა

2006 წლის 3 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 36 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს გააცნო ოქტომბერში საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შედეგები. კერძოდ მან თქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემოღებული სანქციების მიუხედავად, ოქტომბერში 38,5 მილიონი ლარით არის გადაჭარბებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი; ასევე გადაჭარბებულია სხვა მაჩვენებლები, და რაც მთავარია, შენარჩუნებულია წლის დასაწყისიდან არსებული ეკონომიკური განვითარების ტემპები; კერძო სექტორში სახელფასო ფონდი 37,2%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გაგრძელების ტენდენციაზე მიუთითებს; 10 თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელმა 6,8% შეადგინა. განხორციელებული სანქციების შედეგად შეიქმნა გარკვეული შეფერხებები ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად ხორბლის მოწოდებაზე, მაგრამ მიღებულია საგანგებო ზომები ალტერნატიული სატრანსპორტო ლოგისტიკის მოწყობისათვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზპრომმა მომავალი წლიდან საქართველოსათვის რუსეთიდან მოწოდებული ყოველი 1000 კუბური მეტრი გაზის საფასურად ჩვენი რეგიონისათვის განსხვავებული, 230 აშშ დოლარი დაასახელა, რაც ფაქტობრივად, პოლიტიკური ფასია. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შარშან დაწყებულ მუშაობას გაზის მიღების ალტერნატიული წყაროების შექმნისათვის, და ენერგეტიკის სამინისტროს, შესაბამის სტრუქტურებს მიღებული აქვთ დავალება დროულად დაამთავრონ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის შესაბამის სტრუქტურებთან. საქართველოს ხელისუფლება ასევე დაეხმარება ქართულ კომპანიებს გაზპრომთან მოლაპარაკების პროცესში, რათა რუსეთიდან მოწოდებული გაზი შევიძინოთ რეგიონში არსებული გაზის ფასით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ აცნობა, რომ საქართველოს ჰიდრორესურსების უკეთ გამოყენებისა და ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის დავალების თანახმად 2 ნოემბერს შესაბამისი კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქრთველოში ორი ჰიდროელექტროსადგურისა (ჯამური სიმძლავრე 87 მეგავატი) და ერთი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. რამდენიმე კვირაში დამთავრდება მოლაპარაკებები და სათანადო კონტრაქტი ხელმოწერილი იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 4 ნოემბრიდან ეწვევა საქართველოს ყველა ენერგოობიექტს და შეამოწმებს 2006-2007 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის მათ მზადყოფნას.

ზურაბ ნოღაიდელმა ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს სთხოვა მოეხსენებინა ინფორმაცია ენერგეტიკული სექტორის 2006-2007 წლების შემოდგომა-ზამთრის მზადების თაობაზე.ნიკა გილაურმა ილაპარაკა ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარების შესახებ, რომ ჰიდროელექტროსადგურებზე ჩატარებული რეაბილიტაციის სამუშაოთა შედეგად საქართველო ზამთრის პერიოდში შეძლებს ელექტროენერგიის დამატებითი სიმძლავრეების მიღებას. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის რესპუბლიკებთან ელექტროენერგიის სეზონური გაცვლისა და ალტერნატიული გაზის მოწოდების თაობაზე. მან აღნიშნა აგრეთვე, რომ 2006 წლის ბოლოს საქართველოს გაზის სისტემაში შემოვა აზერბაიჯანული გაზის საბადოს - "შაჰ-დენიზის" გაზი.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი