საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 8 ნოემბრის სხდომა

2006 წლის 8 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 22 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაათვალიერა საქართველოს ენერგოსექტორის ობიექტები და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონისათვის სრულ მზადყოფნაშია ოთხივე თბოელექტროსადგური, ყველა ჰიდროელექტროსადგური, განხორციელდა ენგურჰესის სარემონტო სამუშაოები. მან დამსწრეთ აცნობა, რომ დღეიდან განხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც არ მომხდარა, ალბათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, და ეს შესაძლებელს გახდის ენერგოსისტემაში მეტი რეზერვი შეიქმნას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მომავალი წლიდან საქართველოსათვის რუსეთიდან მოწოდებული გაზის საფასურის შესახებ გაზპრომიდან მიღებული შეტყობინება პოლიტიკური შანტაჟია, რომელსაც არც საქართველო და არც მისი ხელისუფლება არ შეუშინდება. გრძელდება ჩვენი კომპანიების მოლაპარაკება რუსეთთან, გაზის მომპოვებელ მეზობელ ქვეყნებთან გაზის კომერციული ფასის შესახებ, რაშიც მათ ხელისუფლებისაგან სრული მხარდაჭერა ექნებათ და საბოლოოდ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება საქართველოს კომპანიებისა და მოსახლეობისათვის.

სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა სთხოვა იუსტიციის მინისტრ გია ქავთარაძეს გაეკეთებინა მოხსენება პენიტენციარულ სისტემაში არსებული ვითარების და გეგმების შესახებ.

იუსტისციის მინისტრმა წარმოადგინა მოხსენება 2006 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ჩატარებულ სამუშაოებზე და ილაპარაკა მომავალი წლის გეგმებზე. გია ქავთარაძემ აღნიშნა, რომ, როგორც უკვე განხორციელებული, ასევე დაგეგმილი სამუშაოები სრულ შესაბამისობაშია იმ სამოქმედო გეგმასთან, რომელსაც სამთავრობო კომისია იხილავს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

იუსტიციის მინისტრმა ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულად სასჯელაღსულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის საკითხი დაასახელა. მან აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე მოხდება რუსთავის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულების სრული რეაბილიტაცია, სადაც 2200 პატიმრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა 3000 პატიმარზე გათვლილი ახალი საპყრობილე გლდანის ტერიტორიაზე; საფუძველი ჩაეყრება 800 პატიმარზე გათვლილ ბათუმის და ზუგდიდის საპყრობილეების მშენებლობას; მოხდება რუსთავის N1 და გეგუთის N8 დაწესებულებების რეაბილიტაცია.

მნიშვნელოვან საკითხად იუსტიციის მინისტრმა აგრეთვე პატიმრების სამედიცინო მომსახურება დაასახელა. 2005 წელთან შედარებით ამ კუთხით გაზრდილია დაფინანსება და იგი 345 000 ლარს შეადგენს. როგორც გია ქავთარაძემ განმარტა, მალე მოხდება სასჯელაღსრულების ჯანდაცვის მომსახურების სისტემის გადაცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის. "მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ახალი სამედიცინო აპარატურის შეძენა 800 000 ლარის ოდენობით. 2007 წლის ბოლომდე მთლიანად უნდა დასრულდეს სამედიცინო სისტემის გადაცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის; ციხის საავადმყოფო დაიხურება; დასავლეთ საქართველოს მოემსახურება საავადმყოფო, რომელიც იქნება ქუთაისის საპყრობილეში, აღმოსავლეთ საქართველოს - საავადმყოფო, რომელიც იქნება გლდანის საპყრობილეში, ხოლო გადაუდებელი ღონისძიებებისთვის მოხდება ავადმყოფების გადაყვანა ჩვეულებრივ საავადმყოფოებში."

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, სასჯელაღსრულების კოდექსის ახალი პროექტია, რომელიც კომენტარებისთვის გაგზავნილია ევროპის საბჭოში და პარალელურად იხილება სამთავრობო კომისიაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

იუსტიციის მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ გაგრძელდება მსჯელობა სამართლებრივი კომისიის ფარგლებში და 2007 წლის გეგმა, საბოლოო ჯამში, მიღებული იქნება მაშინ, როდესაც პარლამენტი 2007 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი