2006 წლის 22 ნოემბრის სხდომა

2006 წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 17 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა ახლადდანიშნულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს გიორგი არველაძეს. მან აღნიშნა, რომ უახლოესი 12-16 თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ხაზი ეკონომიკაზე გადის და, ამდენად, ახალი მინისტრი უმთავრეს მიმართულებას იბარებს ჩვენი მთავრობის საქმიანობაში. პრემიერ-მინისტრს სჯერა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გადაწყვეტს დასახულ ამოცანებს, მან წარმატებები უსურვა გიორგი არველაძეს ახალ თანამდებობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ აცნობა, რომ იმ პრობლემათა მიუხედავად, რომლებიც ქვეყანას შეექმნა რუსეთის მხრიდან განხორციელებული სანქციების გამო, საქართველომ შეინარჩუნა standard and poor's"-ის "B+" საკრედიტო რეიტინგი. ეს ძალზე დიდი წარმატებაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 2003 წლის ბოლოს დაწყებულმა რეფორმებმა შედეგი გამოიღო და ქვეყნის ეკონომიკა მზად არის გაუძლოს საგარეო ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ შოკებს. ახლა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ მომავალი 2007 წელი ისევე წარმატებული იყოს, როგორც განვლილი სამი წელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს, მთელ საზოგადოებას მიულოცა გიორგობის დღესასწაული და ვარდების რევოლუციის სამი წლისთავი.

შესავალი სიტყვის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია საკუთარი ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ქონება სრულად არის დეკლარირებული, გამჭირვალეა და ხელმისაწვდომია ყველასთვის და, აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა და რეალობას მოკლებული.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი