საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 27 დეკემბრის სხდომა

2006 წლის 27 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 30 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს მოსახლეობას მიულოცა დამდეგი ახალი, 2007 წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული. შემდეგ მან თქვა, რომ ამ დღეებში მთავარი თემა იყო მოლაპარაკება ენერგორესურსებსა და საქართველოსათვის გაზის მოწოდებაზე. ეს მოლაპარაკება თურქეთში, რომელიც უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარეობდა, წარმატებით დამთავრდა და მიღწეულია შეთანხმება შეჰდენიზის გაზის თურქული წილის საქართველოსათვის გადმოკონტრაქტებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელად შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება გაზის მიღება შაჰდენიზის საბადოდან, ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ უკვე ამ წლის ბოლო დღეებიდან, საქართველო მიიღებს გაზს აზერბაიჯანიდან. გარდა ამისა, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება გაზის მიღება რუსეთიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიეცა დავალება გაზმომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილი რეალობა გაითვალისწინოს საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. განხორციელდება 120 მლნ. ლარის ინვესტიცია, რათა უახლოესი თვეების სირთულეები შედარებით ადვილად გადავიტანოთ და ფინანსური თვალსაზრისით ეს ნაკლებად მტკივნეული იყოს გაზის შემსყიდველი კომპანიების, მოსახლეობისა და ეკონომიკისათვის. ამ ზამთარში საქართველოს ექნება გაზი, იგი სრულად იქნება მომარაგებული ელექტროენერგიით და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ფუნქციონირებს სამხრეთ კავკასიის კორიდორი, ამ შემთხვევაში გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, დასძინა მან.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი