2006 წლის 30 დეკემბრის სხდომა

30 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის 2006 წლის შემაჯამებელი სხდომა. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმართა:

"მსურს განვიხილო და შევაჯამო 2006 წლის მიღწევები.

თბილისი და არა მარტო თბილისი, არამედ ბათუმი, სამეგრელოს უმეტესი ნაწილი, რუსთავი, ქუთაისი სინათლის ქალაქი გახდა, შეკეთდა ელექტროგადამცემი ხაზები.

დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოში პირველი ავტომაგისტრალის მშენებლობა გორის ტერიტორიამდე დასრულდა, წელს, კასპის ტერიტორიასაც გავივლით.

პატრიოტთა ბანაკების პროგრამა შესრულდა, მომავალ წელს ჩვენ ბევრად უკეთესი ხარისხის სტაციონალურ ბანაკებს გავაკეთებთ.

თბილისის მეტროში რამდენიმე სადგური გარემონტდა. ვაგონების გამოცვლაც დავიწყეთ, რაც სამუშაო ადგილების შექმნასაც ნიშნავს. 2008 წელს მთელი პარკის გამოცვლა დასრულდება.

მიუსაფართა და დაუცველთათვის სასადილოების პროგრამამ კარგად იმუშავა.

პენსიები ორჯერ გაიზარდა.

მომავალ წელს, როცა ბიუჯეტი ამის საშუალებას მოგვცემს, პენსიები საქართველოში დამსახურების მიხედვით გაიზრდება.

მსურს საქალაქო სამსახურს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მარტო თბილისში 140-მდე ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაკეთდა. სამტრედიაში კარგი საცურაო აუზი გავხსენით, ზუგდიდში - სპორტის სასახლის, ხოლო ქუთაისში კარგი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დავიწყეთ.

წლის დასაწყისში არ ვვარაუდობდით, რომ ღვინის ემბარგო მოგველოდა. წლის დასაწყიში ახალი ქარხნების გახსნას ვგეგმავდით. როცა ემბარგო ამოქმედდა, ყველა ფიქრობდა, რომ ძველი ქარხნებიც დაიხურებოდა, თუმცა ქართულმა ბიზნესმა ამ საქმეში სოლიდარობა გამოიჩინა.

თბილისის აეროპორტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ბათუმის აეროპორტს კიდევ ორი თვე მაინც დასჭირდება.

საქართველოში რამდენიმე ათეული სკოლა გარემონტდა. სკოლების რეაბილიტაციის პროგრამაც მთლიანობაში შესრულებულია.

პროფესიული გადამზადების პროგრამა გაცილებით უკეთ განხორციელდა, ვიდრე ვვარაუდობდით. ამ პროგრამის მეშვეობით ბევრმა ადამიანმა სამსახური იშოვა.

ტექნიკური სკოლების შენობები მზად არის, განათლების სამინისტროს დახმარებით, გაზაფხულზე მათ ამოქმედებას დავასრულებთ.

ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შესყიდვის პროგრამა წარმატებით განხორციელდა, ასევე წარმატებით განხორციელდა ციტრუსების რეალიზების პროგრამაც. გაიხსნა ხილის გადამამუშავებელი ორი ახალი ქარხანა.

კახეთში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ენგურჰესის რემონტიც დასრულდა.

დასრულდა სენაკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ბაზის მოწყობა. სამხედრო ბაზის მშენებლობა გორშიც დავიწყეთ და დავასრულებთ.

აღარაფერს ვამბობ კულტურული ძეგლებისა და მონუმენტების მოვლა-პატრონობაზე.

საქართველოში გაიხსნა ახალი თბოსადგური. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, გვაქვს ახალი გაზოტურბინები.

დაიწყო ახალი სასტუმროების მშენებლობაც.

აშენდა გორის და ზუგდიდის საავადმყოფოები, შენდება რესპუბლიკური საავადმყოფო. აშენდა გადაუდებელი დახმარების ცენტრი, გაკეთდა ასობით ამბულატორია.

ბათუმის „ინტურისტი" სიმბოლური და კარგი პროექტია.

დელფინარიუმი დაგვრჩა გასაკეთებელი, მაგრამ გავაკეთეთ პიონერთა პარკი.

გზების პროგრამა ასი პროცენტით შევასრულეთ.

ჩვენ არ ვართ მთავრობა, რომელიც მხოლოდ დაპირებებს იძლევა. ჩვენ მორიგ შესრულებებზე ვლაპარაკობთ.

მომავალ წელს დაპირებების კალენდრების კეთებას აზრი არ ექნება, ვინაიდან ვერცერთი კალენდარი ვერ დაიტევს იმ გეგმებს, რომელიც მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი. ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა. ეს გადამწყვეტი წელია ჩვენი ქვენისათვის.

ამ მხრივ ჩვენ მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი. ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთიდან ემბარგო იმისათვის შემოიღეს, რომ ჩვენი ეკონომიკისათვის სერიოზული ზიანი მოეყენებინათ, მაგრამ მთავარ მიზანს - დაენგრიათ საქართველოს ეკონომიკა, ვერ მიაღწიეს. წლევანდელი ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტის ფარგლებშია. ეს არის იმდენი, რამდენიც შარშან იყო. მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები უფრო თვალსაჩინოდ გაიზრდება.ჩვენ სწრაფად განვითარებადი ქვეყანა გავხდებით.ამ მხრივ მინდა გითხრათ, რომ მთავრობის მუშაობით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობით. ბოლო ხელშეკრულება თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარეებთან არის მნიშვნელოვანი და ისტორიული.

როგორც კი ავარიის კვალი აღმოიფხვრება, საქართველოს აქვს შანსი გადავიდეს ალტერნატიულ გაზზე. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარების კუთხით, ეს ისტორიული და გეოპოლიტიკური ცვლილებაა.

საქართველოს ენერგომომარაგების სისტემაზე მუშაობა გრძელდება. მსურს სხვა სამინისტროებსაც მოვუწონო მუშაობა.

ვისურვებდი მომავალ წელს უკეთესი აღმშენებლობის და კარგი შედეგების წელი გვქონდეს.

მომავალ წელს, ჩვენ ბევრად მეტს დავხარჯავთ განათლების სისტემაზე, ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე, ტურისტულ პროექტებზე, სამხედრო ბაზებზე, პენიტენციალურ სისტემაზე, სოციალურ პრობლემებზე.

მე ყველას ვულოცავ ახალ წელს!

ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე!


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური