საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

მთავრობის გასვლითი სხდომა

2007 წლის 21 სექტემბერს ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა მთავრობის გასვლითი სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 5 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ბურჯანაძე.მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა ძიუდოისტ ი.ცირეკიძეს და მას ღირსების ორდენი გადასცა.

საქართველოს მთავრობის 21 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს მთავრობის წევრების ინფორმირება 20 სექტემბერს ზემო აფხაზეთში დივერსიული აქტის აღსაკვეთად განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 20 სექტემბერს ზემო აფხაზეთში ახალი გზის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე შემჩნეულ იქნა შეიარაღებული დივერსიული ჯგუფი, რო­მელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან უბანზე (იქ გადის საქართველოს საფრენი აპარატების ფრენის ტრასა) აწარმოებდა დაზვერვით საქმიანობას. მიღებული ზო­მების შედეგად მოხდა ტერიტორიის ბლოკირება და განხორციელებული დევნის შემ­დეგ აფხაზური დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის საქმიანობა აღკვეთილ იქნა. ჩატა­რებული ოპერაციის შედეგად ორი დივერსანტი დაიღუპა, ორი დაიჭრა, შვიდი და­კავებულია. ისინი იმყოფებიან იზოლატორში და მიმდინარეობს გამოძიება. დადგენილია, რომ ეს არის აფხაზეთის უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულიების რაზმი. მისი წევრები, რომელთაც ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოსვლის წინ ჩა­მოართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, არიან ზემდეგები, კონტრაქტით დაქირავებულები და რიგითები. ისინი შეიარაღებულები იყვნენ "მუხებით", ტყვიამ­ფრქვევებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. გარდაცვლილია რაზმის მე­თაური. ეს აგრესიული ინციდენტი კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთია იმისა, რომ აფ­ხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობს არ დაუშვას აღმშენებლობა ზემო აფხაზეთში, რაც მის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, თქვა ინფორმაციის დასასრულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდნტმა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სპეციალურ სამსახურებს, რომელთა ოპერატიული და ზუსტი მოქმედების შედეგად აღკვეთილ იქნა აფხაზური დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის საქმიანობა ზემო აფხა­ზეთში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი სპეცსამსახურების ასეთი შეთანხმებუ­ლი და ზუსტი მოქმედება პირველი არ არის, რამაც საბოლოოდ უნდა დაუკარგოს ხა­ლისი იმ ხალხს, ვინც ასეთ პროვოკაციებს აწყობს. ვფიქრობ, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, ჩვენი არაკეთილმოსურნენი საკუთარი გონებაშეზღუდულობის გამო ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ვისთანაც შესაძლებელია ასეთი იაფფასიანი თამაშები. ჩვენ ვართ სერიოზულად განწყობილი, მკაცრად მომზადებუ­ლი და ძალზე მოტივირებული საიმისოდ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შევქმნათ უშიშროების ისეთი სისტემა, რომელიც თითოულ მის მოქალაქეს ნორმა­ლუ­რად არ­სე­ბობის საშუალებას მისცემს. ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ ყველას, ვისაც სურს საქართველო გადააქციოს კონფლიქტის მუდმივ ზონად. საამისო საშუა­ლებები ჩვენ საკმარისზე მეტი გვაქვს. საქართველო არ დაუშვებს ფართომასშტაბია­ნი კონფლიქ­ტის გაღვივებას. ამავე დროს ქვეყნის სახელმწიფო ორგანოები საკმარისად არიან მომზადებული ყველა სახის პროვოკაციაზე პასუხის გასაცე­მად. ნუ გვეთამაშებით და ნუ გვეხუმრებით. სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ და არავის ვურჩევ ამ გზაზე შემდგომ სიარულს. ამ გზაზე სიარული მთავრდება იმით, რითაც დამთავრდა უცხოელების მიერ გაწვრთნილი სოხუმური სპეცდანიშნუ­ლების რაზმის სიარული ზემო აფხაზეთში.

საქართველო მზად არის პოლიტიკური დიალოგისათვის და სამშვიდობო გა­დაწყვეტილებების განსახორციელებლად. მაგრამ ნურავინ ეცდება ტერორის გზით საქართველოს დაშინებას. ეს აღარ არის ჩამორჩენილი, მესამე მსოფლიოს ქვეყანა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, და დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავაც გაგრძელდეს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ტერორისტე­ბისა და დივერსანტების ყველა პროვოკაციას შესაბამისი პასუხი გაეცეს.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დეტალურად მიმოიხილა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმიდინარე წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტები, ამ პროექტების ფარგლებში დაგეგმილი თუ მიმდინარე სამუშაოები და მათი ღირებულება. პრემიერის განცხადებით, ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი გადატანილია რამდენიმე დიდ ქალაქზე (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) და აგრეთვე შედარებით პატარა, თუმცა მათი საკურორტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ქალაქებზე (წყალტუბო, ქობულეთი). პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა ქუთაისისა და წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ სამუშაოებზე. მისი განცხადებით, საქართველოში ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ წყალტუბოშია და მისი გადაჭრისთვის საქართველოს მთავრობა მთელი წყალმომარაგების სისტემის თითქმის მთლიანად თავიდან აშენებისთვის მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

- "ბატონო პრეზიდენტო, 2007 წელს აქტიურ ფაზაში შევიდა საქართველოს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოები, რომელიც ყველა რეგიონს მოიცავს, საინვესტიციო პროექტების საერთო ღირებულება 400 მილიონი ლარია. დიდი ნაწილი სამუშაოებისა 2009 წელს დასრულდება და პროგრამის განხორციელების შედეგად სასმელი წყლით მომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება 2 მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს, დაახლოებით 800 000 ოჯახს. პროგრამის მიზანი არის არსებული წყალსადენების რეაბილიტაცია, სრულიად ახალი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა. აქ, ქუთაისში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი ლარია, ასევე წყალტუბოს წყალმომარაგების პროექტი - 14 მილიონი ლარი, ოზურგეთის წყალმომარაგების პროექტი - 4,5 მილიონი ლარი, ახალციხეში სასმელი წყლის ახალი ტრასის მშენებლობა 3,5 მილიონი ლარი და ბათუმის წყალსადენის რეაბილიტაცია - დაახლოებით 17 მილიონი ევრო. ასევე არის სხვა, შედარებით პატარა, მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, პროექტები: თელავის წყალსადენის რეაბილიტაცია - 1,2 მილიონი ლარი და ლიახვის ხეობაში კეხვი-თამარაშენის მაგისტრალის რეაბილიტაცია - დაახლოებით მილიონი ლარი. თბილისის წყალმომარაგების პროექტის განხორციელების შედეგად სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე 2005-2006 წლებში განხორციელდა და წელსაც მიმდინარეობს, პრაქტიკულად, თბილისის მთელ მოსახლეობას გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და დაახლეობითი ინვესტიცია შეადგენს 120 მილიონ ლარს. მიმდინარეობს ფოთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია (მოსახლეობა - 42 ათასი ადამიანი) პროექტის ღირებულება - 24 მილიონი ლარი.

თქვენს ყურადღებას განსაკუთრებით შევაჩერებ ქუთაისის წყალმომარაგებაზე, სიდიდით მეორე ქალაქში 180 ათასი ადამიანი ცხოვრობს, პროექტის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, პროექტი დასრულდება 2009 წელს. მოხდება სამი ძირითადი სათაო ნაგებობის რეაბილიტაცია, აღდგება 13 კილომეტრიანი მაგისტრალური წყალმდენები და რეზერვუარები, ქსელში შეიცვლება დაახლოებით 40 კილომეტრი სიგრძის მილი და მოხდება აბონენტთა სრული გამრიცხველიანება. თქვენ, ალბათ, ხედავთ, ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული ქალაქებზე და ისეთ პატარა რაიონებზე, რომლებიც საკურორტო მნიშვნელობის არის, მაგალითად, კიდევ ერთ პროექტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, წყალტუბოს წყალმომარაგებაზე, იქ მოსახლეობა 22 ათასი ადამიანია, პროექტის ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ლარი იქნება, პროექტი დასრულდება 2010 წელს, დღეს, საქართველოში, პრაქტიკულად, წყალტუბოს აქვს წყალმომარაგების სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა. რეალურად რომ ვთქვათ, წყალტუბოში წყალმომარაგების სისტემა თავიდან არის შესაქმნელი. ეს არის წყალსაწმენდი წყლით მომარაგების პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 2006 წელს. პროგრამის განხორციელება ძირითად ფაზაში შევიდა 2007 წელს, შესაბამისად, ძირითადი ნაწილი 2009 წელს დასრულდება და საბოლოო ნაწილი - 2010-ში".

თბილისის წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ განხორციელდება 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც თბილისის წყალმომარაგებას მკვეთრად გააუმჯობესებს - "რაც შეეხება თბილისის წყალმომარაგებას, აქ ჩვენ უკვე ვასრულებთ უფრო მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს, რომლის განხილვაც დასრულდება ალბათ ამ შაბათ-კვირას, ეს 120 მილიონი ლარი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, ეს არის ის, რაც ჩვენ სახელმწიფო წყაროებიდან უკვე პრაქტიკულად განვახორციელეთ თბილისის წყალმომარაგების სისტემაში. განხორციელდება დაახლოებით 400 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიცია და, შესაბამისად, თბილისის წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება."

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი