საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 26 სექტემბრის სხდომა

2007 წლის 26 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 36 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამ­სწრეთ აცნობა, რომ ბოლო პერიოდში რეგიონებში მისი სტუმრობისას, ერთ-ერთი მთავა­რი საკითხი, რომელიც იკვეთება მოსახლეობის მიერ, არის ზამთარში შეშით უზრუნველყოფის პრობლემა. ჩვენ, თქვა პრემიერ-მინისტრმა, მივდივართ ახა­ლი სტრატეგიით - გაიცეს სატყეო რესურსების გრძელვადიანი ლიცენზიები. ჯერ­ჯერობით ეს პროცესი დასრულებული არ არის. ამიტომ, დღეს, მთავრობის სხდო­მაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოსახ­ლეობა, განსაკუთრებით მთის რაიონების, მიიღებს საშე­შე რე­სურსს იმ პირობით, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ გადაყიდის ან არ გამოიყენებს სხვა მიზნით.

პრემიერ-მინისტრმა დაავალა გარემოს დაცვის სამინისტროს და მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტს განსაკუთრებული კონტროლი დააწესონ ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე რეგიონებისა და რაიონების მიხედვით.

კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განხილულ იქნა რეგიონებში სტუმრობისას, განაგრძნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, არის სტი­ქიის, განსაკუთრებით წყალდიდობების გამო მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების პროგრამა. ამ მიზნით ლე­ნტეხისა და ცაგერის რაიონებისათვის შევიძენთ სპეციალურ ტექნიკას, რომ­ლითაც მუდმივად შესრულდება პრევენციული სამუშაოები, რათა თავიდან ავიცილოთ ის ზარალი, რაც ორი წლის წინ ამ რაიონებს მიადგათ წყალდიდობის შედეგად. იგივე გაკეთდება ონისა და ამბროლაურის რაიონებისათვის, აგრეთვე სხვა რაიონებისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, - მაღალმთიანი რაიონებისათვის. ყოველივე უნდა გაკეთდეს იმავე მიდგომით, როგორც ეს კეთდება კახეთში, კერძოდ ყვარლის რაიონში მდინარე დურუჯზე. იქ წყდება ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა.

დასასრულ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხო რთვლის მიმდინარეობას კახეთში. მან აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან რთველი დაიწყება გურჯაანისა და თელავის რაიონებში. მოწეულია ყურძნის უხვი მოსავალი, დაახლოებით 200-210 ათასი ტონა. ამჟამად მთავარი ამოცანაა მოსავლის უდანაკარგოდ დაბინავება, რის­თვისაც აქტიურად მუშაობს სპეციალური შტაბი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პეტრე ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით. მზად არის მთელი ინფრა­სტრუქტურა, მოქმედებს სპირტის საწარმოებლად ყურძნის დამატებითი შესყიდვის სა­ხელმწიფო პროგრამა, თქვა მან და კმაყოფილება გამოხატა "რთველი-2007"-ის შტაბის მუშაობის გამო.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი