საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 17 ოქტომბრის სხდომა

2007 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 32 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშ­ნა, რომ 15 ოქტომბერს თბილისში დაიწყო საპრეზიდენტო სუფსიდიების ვაუ­ჩერების დარიგება და სთხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ციალური დაცვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს მთავრობის წევრების ინფორ­მირება პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დამსწრეთ აცნობა, რომ პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პროგრამის მეშვეობით დახმარებას მიიღებს დაახლოებით 2,8 მლნ მოქალაქე, მათ შორის: ყველა პენსიონერი, საჯარო სკოლების ყველა პედაგოგი, სო­ციალურად დაუცველი ყველა ის ოჯახი, რომელსაც მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა - 57 ათასამდე, რომელთა მონაცემები არის ჩვენს ბაზაში. ყველა ეს ადამიანი გახდება 100-ლარიანი საპრეზიდენტო სუფსიდიის მფლობელი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, განაგრძნო მინისტრმა, ინდივიდუალურ დახმარებას მიიღებს 1,2 მლნ კაცი, აქედან 70 ათასი არის საჯარო სკოლების პედაგოგი, 330 ათასი - სოციალურად დაუცველი ჩვენი თანამემამულე და 800 ათასი - პენსიონერი. საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში სოფლად მცხოვრები თითოეული ოჯახი, ასეთი კი 700 ათასია, მიიღებს საოჯახო დახმარებას - 50 კგ ფქვილს. პროგრამა, ხორციელდება რამდენიმე სამინისტროს კოორდინაციით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან. ფქვილით დახმარება, სიახლეა ამ პროგრამის ფარგლებში და იგი ეხება სოფლად მცხოვრებ ყველა ოჯახს, იმის მიუხედავად მიეკუთვნება თუ არა ის ზემოთხსენებულ რომელიმე კატეგორიას.

საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი), თქვა მინისტრმა, საპრეზიდენტო სუფსიდიით მოსარგებლე მოსახლეობისთვის ერთჯერადად გაიცემა 50 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის ვაუჩერი და 50 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირის ვაუჩერი. თუ ამ ქალაქებში მიმღები არ სარგებლობს ბუნებრივი აირით, სანაცვლოდ ის მიიღებს ორ 50-ლარიან ელექტროენერგიის ვაუჩერს. ბუნებრივია, ასეთი შემთხვევები არის ყველა ქალაქში, მაგრამ კონკრეტულად ეს ეხება ბათუმსა და ფოთს, სადაც ბუნებრივ აირს არ მოიხმარენ. შესაბამისად, ბათუმისა და ფოთის მაცხოვრებლები, ამ კატეგორიაში შემავალი ყველა ადამიანი, მიიღებს 100-ლარიან სუფსიდიას ნებისმიერ შემთხვევაში. ეს იქნება ელექტროენერგიის ორი 50-ლარიანი ვაუჩერი. ჩვენ ვლაპარაკობთ 100-ლარიან სუფსიდიაზე და მინდა კონკრეტული ოჯახების მაგალითზე მთავრობის წევრებს, ჩვენს საზოგადოებას მოვახსენო თუ რეალურად რა რაოდენობის სუფსიდიას მიიღებენ ისინი ამ პროგრამის ფარგლებში. დიდ ქალაქებში ერთსულიანი ოჯახის სუფსიდიის ღირებულება იქნება 100 ლარი, მაგრამ თუ ოჯახში ცხოვრობს სუფსიდიის მიმღები ორი სული, საუბარია ორ პედაგოგზე, ორ პენსიონერზე ან ორსულიან უმწეო ოჯახზე, ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო სუფსიდია შეადგენს 200 ლარს, რადგან დახმარება ინდივიდუალური ხასიათისაა და შესაბამისად, თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ოჯახის წევრია, მიიღებს 50 ლარს ელექტროენერგიისათვის და 50 ლარს აირისათვის. ე.ი. ორსულიანი ოჯახისათვის საპრეზიდენტო სუფსიდიის ღირებულება იქნება არა 100 ლარი, არამედ 200 ლარი. ეს ციფრები იცვლება იმის თანახმად, თუ კატეგორიების მიხედვით რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში. მაგალითად, ამ პროგრამის ფარგლებში სამსულიანი ოჯახი მიიღებს 300-ლარიან სუფსიდიას, ოთხსულიანი - 400 ლარიან სუფსიდიას. უფრო კონკრეტულად, ეს არის ოთხი 50 ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი და ოთხი 50 ლარიანი ვაუჩერი ბუნებრივი აირის მოხმარებისათვის. მაგალითად, გუშინ სამგორში, ერთ კონკრეტულ მრვალსულიან ოჯახში, რომელიც 13 წევრისაგან შედგება, მიიტანეს 13 50-ლარიანი ვაუჩერი. კონკრეტულ სიტუაციაში, ამ ოჯახისათვის მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად სუფსიდიამ შეადგინა 650 ლარი. ბუნებრივია, იგი მიიღებს 13, ასევე 50-ლარიან ვაუჩერს აირის საფასურის დასაფარად. ასე რომ, პროგრამის ფარგლებში ეს ოჯახი მიიღებს 1300 ლარს.

ბუნებრივია ძალზე მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება სოფლად, სადაც პროგრამის ფარგლებში საპრეზიდენტო სუფსიდიით მოსარგებლეები მიიღებენ 50-ლარიან ელექტროენერგიის ვაუჩერს და 50 კგ ფქვილს, როგორც საოჯახო დახმარების ნაწილს. ანალოგიურად, ოჯახი სოფლად, რომელშიც ცხოვრობს სუფსიდიის მიმღები ორი სული, მიიღებს ორ 50-ლარიან ვაუჩერს ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად, რაც ჯამში შედაგენს 100-ლარიან სუფსიდიას და დამატებით ამ კონკრეტული ოჯახისათვის, ისევე როგორც ყველა სხვა ოჯახისათვის, რომელიც ცხოვრობს სოფლად, გაიცემა 50 კგ ფქვილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაუჩერები ინდივიდუალური ხასიათისაა. რა რაოდენობის ადამიანიც ცხოვრობს იმ კატეგორიებიდან გამომდინარე, რომლებსაც ეხებათ პროგრამა, იმდენჯერ 50-ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი გაიცემა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა გახლავთ 57 ათასი და ისინი არიან ჩვენს მონაცემთა ბაზაში, საშუალოდ წლის განმავლობაში მოიხმარენ დაახლოებით 70-90 ლარის ღირებულების ელექტროენერგიას. შესაბამისად, დახმარება გაიცემა იმისათვის, რომ ამ ადამიანმა იგი გამოიყენოს ზამთარში. საუბარია იმაზე, რომ ამ კატეგორიების მიხედვით პროგრამაში შემავალ ოჯახებს, ხშირ შემთხვევაში, საშუალება მიეცემათ დაფარონ არა უბრალოდ ერთი ან ორი თვის, არამედ ერთი წლის, წელიწადნახევრის და ზოგ შემთხვევაში, ორი-სამი წლის გადასახადი მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე. მთავარი ის არის, რომ ამ გადასახადების დაფარვა ასეთ ოჯახებს საშუალებას მისცემს დაზოგილი თანხა გამოიყენონ სხვა საჭიროებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, 15 ოქტომბერს ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება თბილისში. დღეისათვის იგი შეეხო ხუთ რაიონს. ლაპარაკია მხოლოდ ელექტროენერგიის ვაუჩერების გაცემაზე. ამჟამად დედაქალაქში დარიგებულია 20 ათასი ვაუჩერი. 20 ოქტომბრიდან პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ ქუთაისში, ფოთში, რუსთავსა და ბათუმში. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შევთანხმდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სხვა უწყებებთან, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 22 ოქტომბრისათვის გადაწყდება საორგანიზაციო საკითხები ფქვილის დარიგებასთან დაკავშირებით და იმ კვირის განმავლობაში შეგვეძლება პროგრამის განხორციელების დაწყება. სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ფქვილის დარიგება დაიწყება კახეთისა და გურიის რეგიონებში. სავარაუდოდ დახმარების გაცემა ხუთივე დიდ ქალაქში დასრულდება ამ თვის ბოლოს. შემდეგ იგი დაიწყება რაიონებში, - თქვა დასასრულს დავით ტყეშელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისათვის და აღნიშნა, რომ ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის განხორციელებით მთელ რიგ ოჯახებს საშუალება მიეცემათ დაფარონ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი, დაურიგდებათ ფქვილი, რაც მათთვის დიდი შეღავათი იქნება ზამთრის თვეებში. მან მოუწოდა ყველა უწყებას მაქსიმალურად მობილიზება აღნიშნული პროგრამის უახლოესი თვენახევრის განმავლობაში განსახორციელებლად.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე სთხოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს პეტრე ცისკარიშვილს მთავრობის წევრების ინფორმირება კახეთში რთვლის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ კახეთში რთველი დამამთავრებელ ფაზაში შევიდა. დღეისათვის ღვინის საწარმოებში გადამუშავებულია 52 ათასი ტონა ყურძენი ანუ შარშანდელთან შედარებით 12 ათასი ტონით მეტი. თბილისში, სხვა რეგიონებში რეალიზებულია 60 ათასი ტონა, ხოლო შიდა მეურნეობების საჭიროებისათვის მოხმარებულია დაახლოებით 50 ათასი ტონა. რეგიონში დასაბინავებელი დარჩა ყურძნის მოსავლის 5-10%. როგორც კი ამინდები საშულებას მოგვცემს, რთვლის ტემპები დაჩქარდება და იქითა კვირის პირველ დღეებში კახეთში რთველი დასრულდება, დასძინა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს მოწოდებული ინფორმაციისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის უმთავრესი რეგიონი კახეთია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რაჭა, იმერეთი, სადაც რთველი იწყება და მაქსიმალური ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ რეგიონებში მოსავლის აღებას და დაბინავებას.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი