2007 წლის 13 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 52 საკითხი დღის წესრიგი
სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მიესალმა საქართველოს მთავრობის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას. შემდეგ მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძესთან ერთად განიხილა გარდამავალ პერიოდში საქართველოს მთავრობის საქმიანობა, რასაც იგი ეფექტიანად მიიჩნევს. ამჟამად, თქვა მან, წინასაარჩევნო პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა იმუშაონ მაქსიმალურად გამართულად და ეფექტიანად, ისე, როგორც ეს ნორმალურ სახელმწიფოს შეეფერება, რათა მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ზამთრის სეზონში არ იყოს შეფერხება ენერგეტიკის სფეროში, ელექტრო- ან გაზმომარაგების საკითხებში. საგანგებო ზომებია მიღებული, რათა არჩევნების წინ, და მით უფრო არჩევნების დღეს, მოსახლეობას არ შეექმნას არანაირი პრობლემა გადაადგილებასთან დაკავშირებით, რათა მან თავისი უფლებამოსილება განახორციელოს.
შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაინტერესდა რამდენიმე საკითხით. კერძოდ, იმით, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, როგორ სრულდება საპრეზიდენტო სუბსიდიების პროგრამა, დავალება სკოლების გათბობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და სხვ. ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პროცესი რომ ნორმალურად წარიმართოს, თქვა მან, მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვითხრას თუ არის პარლამენტთან შეუთანხმებელი რაიმე საკითხი, იქნებ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, რომ უახლოესი დროის განმავლობაში სათანადო შეხვედრები გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი, კომიტეტები აქტიურად ითანამშრომლებენ მთავრობასთან ყველა საკითხთან დაკავშირებით. 1 იანვრიდან იწყება გარკვეულ სოციალურ ვალდებულებათა განხორციელება, რომელთა შესახებ, მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, გადაწყვეტილებები 2-3 თვის წინ იქნა მიღებული. მოსახლეობა ელოდება ამ ვალდებულებათა შესრულებას და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რაიმე შეფერხება არ მოხდეს.
მინდა ვთხოვო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს, მოგვაწოდოს ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს ვაუჩერების დარიგების პროცესი. ასევე მინდა ვკითხო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მაია მიმინოშვილს თუ რა მდგომარეობაა სკოლებში გათბობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მიუხედავად ყველა მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ დაგვიგვიანდა ამ პრობლემის მოგვარება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სკოლა უზრუნველყოფილ იქნეს გათბობით და ზამთარში არც ერთი ბავშვი არ აღმოჩნდეს გაყინულ შენობაში, თუმცა შემდგომშიც კვლავ გაგრძელდება გარკვეული სამუშაოები. მაგალითად, ამ დღეებში მცხეთის რაიონში ყოფნისას ვნახე გაურემონტებელი სკოლა. მე მათ შევპირდი, იმედია მთავრობა შეასრულებს ამ დაპირებას, რომ 2008 წელს ეს სკოლა გარემონტებული იქნება იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებითაც საქართველოს სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მუშაობს.
არის სხვა საკითხებიც, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, რა მდგომარეობაა პროფესიული მომზადებისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევეა ენერგეტიკის საკითხიც. პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ენერგეტიკის სფეროს მონიტორინგს, მაგრამ მაინტერესებს, ხომ არ არის მოსალოდნელი ამ უბანზე რაიმე შეფერხება რომელიმე მიმართულებით, რა მექანიზმები აქვს მთავრობას იმისათვის, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ჩვენ შევძლოთ მოსახლეობის ელექტრო- და გაზმომარაგებით უზრუნველყოფა.
ვიდრე ამ საკითხების შესახებ ინფორმაციებს მოვისმენთ, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო 12 დეკემბერს გალის რაიონში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ჩვენმა მომხრეებმა სცადეს გალის რაიონში წარმოჩენილიყო ჩვენი მხარდამჭერი პლაკატები. ამასთან დაკავშირებით დე-ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ლამის ეგზეკუციას ჩაატარებს, გაარკვევს, თუ ვინ მოქმედებდა აქტიურად და მიიღებს შესაბამის ზომებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა დავავალოთ შესაბამის სამინისტროებს, განახორციელონ მაქსიმალური მონიტორინგი. გალის რაიონი საქართველოს ისეთივე ნაწილია, როგორიც ნებისმიერი სხვა კუთხე და ნამდვილად არავის ვურჩევ, რომ რაიმე ეგზეკუციური ღინისძიებების განხორციელება სცადონ ამ რეგიონში. ამას აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ნებისმიერ უკანონო მოქმედებას ჩვენც ძალიან ხმამაღლა გამოვეხმაურებით. მესმის, რომ ბევრს აქვს სურვილი, საქართველო აჰყვეს რაიმე პროვოკაციას, რასაც ჩვენ ნამდვილად არ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაგირება, მთელ მსოფლიოს ჩავაყენებთ საქმის კურსში ნებისმიერ უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ადგილზე იქნეს განხორციელებული. ეს მინდოდა მეთქვა გალის რაიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა დავუბრუნდეთ განსახილველ საკითხებს.
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი თითქმის დასრულებულია და პროექტი განხილულია ყველა სამინისტროსთან ერთად. ბიუჯეტის პროექტთან ერთად ჩვენ პარლამენტში შევიტანთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომლებიც 2009 წლიდან განსაზღვრავენ ბიუჯეტის პროფიციტულობას, შექმნიან ბაზისს, რომ ეს მომავალი თაობების ფონდი ამოქმედდეს და ის ნაშთი, რომელიც იქნება წლის ბოლოს დარჩენილი, არანაკლებ რაღაც პროცენტისა, ასევე მობილიზებულ იქნეს ამ ფონდში, რომლის შექმნა გაზაფხულზე იყო ნავარაუდევი. ეს სამი კომპონენტი რეალურად, ერთად აღებული, არის ჩვენი ახალი ფისკალური პარადიგმა. იგი ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, თუ ვინ იმუშავებს მთავრობაში ერთ, ორ თუ ხუთ წელიწადში. ეს იქნება სრულიად ახალი ფისკალური პოლიტიკის საფუძველი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ წელსვე მოვასწრებთ ორი მოსმენით თუ არა, ერთი მოსმენით მაინც ამის გატანას.
ქალბატონი ნინო ბურჯანაძე დაეთანხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას პროფიციტულ ბიუჯეტთან დაკავშირებით და აღნიშნა, - რომ მთავრობამ უნდა დაიწყოს მისთვის ნდობის გამოცხადების დროს აღებულ დაპირებათა შესრულება. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ჩვენ შევძლებთ მუშაობის სტაბილურად გაგრძელებას და ამ მოვლენების ისე განვითარებას, რომ ეს იქნება აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესი. ამ პროცესს ჩვენ ახლა, ყველაზე რთულ ვითარებაში რეალურად ჩავუყრით საფუძველს ორი მიმართულებით, რაც ძალიან სერიოზული მაჩვენებელი გახლავთ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი პირველ რიგში ელექტროენერგიისა და ბუნებერივი აირის ვაუჩერების დარიგების საკითხს შეეხო. ეს პროცესი, თქვა მან, დასკვნით ფაზაში შევიდა და ვვარაუდობთ, რომ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, მაქსიმუმ ერთ კვირში, იგი დასრულდება. დღეისათვის დარიგებულია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ვაუჩერების 96%. ენერგოკომპანიებისა და აბონენტთა ანგარიშებზე დასმულია თანხა, რომელიც გადაირიცხა და ამ ეტაპზე შეადგენს 40 მილიონ ლარს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ მთლიანობაში არ დასრულდება. მოგეხსენებათ, ეს პროგრამა გათვლილი იყო მილიონ 200 ათას ადამიანზე და მხოლოდ მცირე ნაწილი არის დარჩენილი, ვისაც ვაუჩერები არ მიუღია. იყო გარკვეული პრობლემები მისამართებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევთ და ვადგენთ ყველა საკითხს. მიუხედავად ამისა, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული სახის გართულება და პრობლემა არ გვაქვს. მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ეს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდება.
ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე ადგილას მოსახლეობასთან შეხვედრისას მოიკითხა, თუ როგორ მიმდინარეობს შეშის ვაუჩერების დარიგების პროცესი და კმაყოფილება გამოხატა, რომ ამ მხრივ შეფერხება არ არის. ამასთან მან დაამატა, რომ აინტერესებს, თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით სკოლებში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა დავით ჩანტლაძემ მთავრობის სხდომას მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეშის ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით მთელ საქართველოში შემოვლილია ყველა მოსახლე. ვაუჩერები დაურიგდა ყველას, ვინც ადგილზე იყო. ზოგიერთი მოსახლე ქალაქშია წასული და ამის გამო ხელმეორედ ვაპირებთ შემოვლას დარჩენილი ვაუჩერების დასარიგებლად. თბილისში წამოსულებს შესაძლებლობა ექნებათ სატყეო სამმართველოებში გაიარონ რეგისტრაცია და მომავალში ჩვენ დამატებით მივაწვდით მათ ამ ვაუჩერებს. ამჟამად მოსახლეობის 78%-ს დარიგებული აქვს ეს ვაუჩერები. რაც შეეხება სკოლებისა და საბავშო ბაღების შეშით მომარაგებას, ხუთი დღის წინ საქართველოში ყველა სკოლასა და ბაღში მიტანილია შეშა. ზოგს მთელი ზამთრის სამყოფი შეშა აქვს, ზოგს - პირველი ეტაპის. იანვარ-თებერვალში მათ კიდევ შეუძლიათ დამატებით შეშის შეძენა და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება.
სკოლების შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მაია მიმინოშვილმა დაამატა, რომ შეთანხმების თანახმად ყველა სკოლას გადაერიცხა საჭირო თანხა. პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, რომელიც ბატონმა დავით ჩანტლაძემ ახსენა, სკოლებისაგან მივიღებთ ინფორმაციას შეშის შემდეგი მარაგის ყიდვის საჭიროების შესახებ, რისთვისაც მათ მეორე ეტაპზე კიდევ გადაერიცხებათ თანხა. რაც შეეხება გათბობას, განაგრძო მან, საქართველოში 2010 სკოლა გვაქვს, ოდნავ მეტი. აქედან "იაკობ გოგებაშვილის" პროექტით რეაბილიტაცია შეეხო 400-ზე მეტ სკოლას. სკოლების გარკვეულ ნაწილში გაგვიჩნდა გათბობის პრობლემა, რადგან დანარჩენ სკოლები საწვავით ან შეშით მოვამარაგეთ. დღეისათვის 30-მდე სკოლა გვაქვს, სადაც სამწუხაროდ ახლა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ზოგ ადგილას დენის გაყვანის პრობლემაა. მაგალითად, რუსთავის სკოლებში, სადაც ინტენსიურად მუშაობენ და იმედია 2-3 დღეში დაასრულებენ, გათბობის სისტემისათვის სამფაზიანი დენია გასაყვანი. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ 2-3 დღეში ამ 30 სკოლაში სამუშაოები უნდა დამთავრდეს და კვირის დასაწყისში ყველა სკოლაში გათბობის სისტემა მოწესრიგებული უნდა იყოს.
კარგია, რომ პრობლემა გვარდება, თქვა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თუმცა დასძინა, - ცუდია, რომ ამ საკითხების მოგვარება ბოლო წუთს მოგვიწია, ზამთრის პერიოდში და იმედი გამოხატა, რომ უახლოეს ხანებში მსგავსი პრობლემა არ შეგვექმნება. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ, ვინაიდან დროებითი თანხები იქნება გარკვეულწილად მოსაზიდი, ყოველ შემთხვევაში ახალი გადაწყვეტილებები მისაღები, რასაც დრო დასჭირდება, არ ავიღოთ ზედმეტი ვალდებულებები ბიუჯეტზე. პედაგოგებთან შეხვედრის დროს, თქვა მან, დაისვა ერთ-ერთი საკითხი, რომ ვაუჩერი ეძლევა სკოლას და შემდეგ ამ ვაუჩერების გამოყენების საფუძველზე ხდება მასწავლებლებისათვის ხელფასების მომატება. სკოლები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ საკანცელარიო ნივთებისა და ცარცის ყიდვის პრობლემაც შეიძლება გაუჩნდეთ. მცხეთაში გუშინწინ დაისვა ეს საკითხი. ერთი კარგი საქმე ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მეორე არ გავაფუჭოთ. ცარცი და ელემენტარული საკანცელარიო ნივთი თუ არ ექნა მასწავლებელს, ბუნებრივია, სკოლა ნორმალურად ვერ იფუნქციონირებს.
აღნიშულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ დასმული საკითხის შესახებ საქმის კურსშია. საუბარია იმაზე, რომ ქალაქის სკოლებში ჩვენ ვაუჩერები 250-დან 300 ლარამდე გავზარდეთ. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პედაგოგებს ხელფასი მომატებოდათ. ბუნებრივია, აქ უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ ეს არ არის პირდაპირპროპორციულად ხელფასზე მიბმული, რის გამო მცირეკონტიგენტიან სკოლებში შეიქმნა იმის პრობლემა, რომ ვაუჩერის გაზრდა ვეღარ ფარავს ხელფასებსაც კი, ანუ იმ ვალდებულებას, რაც მასწავლებლების წინაშე გვაქვს აღებული. ამდენად, ე.წ. დეფიციტური სკოლების ხვედრითი წილი, ანუ იმ სკოლებისა, რომლებსაც ვაუჩერებზე მეტი თანხა სჭირდებათ ფუნქციონირებისათვის, თითქმის 50%-მდე გაიზარდა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1200-მდე ისეთი სკოლა გვაქვს, რომლებიც დეფიციტურია და ვაუჩერის გარდა კიდევ სჭირდებათ დამატება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვაუჩერული დაფინანსების ფორმულა არაეფექტიანია და არ მუშაობს. ამიტომ ჩვენ ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ სწორედ დაფინანსების ეს ფორმულა შევცვალოთ, რევიზია გავუკეთოთ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ერთ კვირაში, ფინანსთა სამინისტროს დახმარებით განსახილველად წარმოვადგენთ ვაუჩერის დასათვლელ ისეთ ფორმულას, რომელიც დეფიციტური სკოლების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.
სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ვიმყოფებით ეტაპზე, როდესაც ხდება ურთიერთობების გაფორმება დამსაქმებელსა და პროგრამაში მონაწილე სუბიექტებს შორის. ამ თვალსაზრისით ბოლო ორი-სამი დღეა არანაირი გართულება და პრობლემა არ გვაქვს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ მეწარმე სუბიექტებთან იმისათვის, რომ მივიღოთ დეტალური და ზუსტი ინფორმაცია დასაქმებულთა საერთო რაოდენობის თაობაზე. ეს არ არის ერთი ან ორი დღის პროცესი. ეს პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად ჩვენი მთავარი ფუნქციაა, რომ განვახორციელოთ შესაბამისი კონტროლი და მონიტორინგი ამ პროგრამის შესრულებაზე. ასევე მთავარი ამოცანაა ის, რომ არც ერთი ადამიანი, ვინც გაიარა რეგისტრაცია, არ მივატოვოთ შუა გზაზე და ბოლომდე მივყვეთ ამ პროცესის დასრულებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ სთხოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს პეტრე ცისკარიშვილს მთავრობის სხდომის ინფორმირება ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავებისა და მოსახლეობაში ფქვილის დარიგების შესახებ.
ციტრუსის მოსავალი, თქვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სავარაუდოდ შეადგენს 90 ათას ტონას. შედარებისათვის, გასულ წელს მოწეული იყო 35 ათასი ტონა. დღეისათვის აჭარიდან და გურიიდან რეალიზებულია 44 ათასი ტონა ციტრუსი. ძირითადად ექსპორტი მიდის უკრაინის მიმართულებით. გადაზიდვის ტემპი დამოკიდებულია ბორნების რაოდენობასა და მათი მოძრაობის ინტენსიურობაზე. 13-15 დეკემბერს უკრაინაში გადაიტვირთება კიდევ 11 ათასი ტონა. გარდა ამისა, ციტრუსის გადაზიდვა ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით, თუმცა სომხეთში ციტრუსის შეტანაზე დაწესებულია მაღალი გადასახადი - 750 დოლარი ტონაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაინტერესდეს საქართველოდან სომხეთში ციტრუსის შეტანაზე მაღალი გადასახადის დაწესების საკითხით და დროულად მიიღოს ქმედითი ზომები მის გადასაწყვეტად.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული პრობლემების დაძლევის შემდეგ მიღწეულია შეთანხმებები ბელორუსიასა და ყაზახეთში ციტრუსისა და ვაშლის ექსპორტის შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ ქვეყნების ბაზრების ასათვისებლად. მინისტრის ინფორმაციით ციტრუსის გადაზიდვის ინტესივობა მაღალი იქნება 2008 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე. გაანგარიშებების თანახმად რჩება ჩვენი მოსავლის 5-10%, რაც იანვარ-თებერვალ-მარტში რეალიზებული იქნება ადგილზე.
მოსახლეობაში ფქვილის დარიგებასთან დაკავშირებით პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს არსებული გრაფიკის თანახმად და ამჟამად იგი დასრულებულია კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. გურიასა და აჭარაში დარჩენილია მოსახლეობის 3%, რომელსაც არ მიუღია ფქვილი. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, იქ ეს პროცესი დასრულდება 20-25 დეკემბრისათვის. სერიოზულად არის გაზრდილი მარაგიც. ხორბლის შემოზიდვა წარმოებს რუსეთიდან და ყაზახეთიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა შემოიღო საექსპორტო გადასახადი, ხორბლის შემოტანა ამ ქვეყნიდან უპრობლემოდ ხდება. ამჟამად გვაქვს 48 ათასი ტონა ხორბლის მარაგი, რასაც დეკემბერის ბოლომდე დაემატება კიდევ 40 ათასი ტონა.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს მოწოდებული ინფორმაციებისათვის და წარმატება უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი