საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 27 მარტის სხდომა

2008 წლის 27 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 31 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ დამსწრეთ აცნობა, რომ საინვესტიციო თანხების მიღების თვალსაზრისით 2008 წლის პირველი კვარტალი ყველაზე წარმატებული გამოდგა. კერძოდ, ამ პერიოდში ჩვენმა კომპანიებმა 500 მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი მოიზიდეს. განსაკუთრებით სასიამოვნოა, თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ საინვესტიციო კაპიტა­ლი გავრცელდება მრავალ სექტორზე. ასეთებია: უძრავი ქონება, საბანკო სექტორი, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა, ყოველდღიური მოხმარების საგნების სფერო და ა.შ. მრავალი დიდი მასშტაბის საერთაშორისო ინვესტორი პირველად შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მათ შეიძინეს სხვადასხვა საწარმო, გარკვეული ინფრასტრუქ­ტურული აქტივები. მიმდინარე კვარტალში სამი ახალი საბანკო ლიცენზია გაიხსნა. გარდა ამისა, ერთმა ძალზე სერიოზულმა ჯგუფმა ახლო აღმოსავლეთიდან შეისყიდა კიდევ ერთი ქართული ბანკი, წამყვანმა ქართულმა ბანკებმა მოიზიდეს 200 მილიონ დოლარზე მეტი სააქციო კაპიტალი სესხების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ძალზე მძიმე ფინანსური სიტუაცია შეიქმნა, ჩვენი კომპანიები და ბანკები კვლავაც წარმატებით ახერხებენ რესურსების მოზიდვას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა ეკონომიკური გან­ვი­თა-რების სამინისტროს, სხვა უწყებების მუშაობის გამო და აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში მხოლოდ მცირე პრივატიზაციის აუქციონებზე 36 მილიონი დოლარის ღირებულების ობიექტები გაიყიდა. რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, 200 მილიონ დოლარზე მეტი თანხის კონტრაქტებზე იქნა ხელი მოწერილი და მრავალმა მყიდ­ველმა ამ თანხების გადახდა უკვე დაიწყო. და ყოველივე ეს იმ 500 მილიონის გარდა, რომლის შესახებ აქ მოგახსენეთ, თქვა პრემიერ-მინისტრმა. მინდა მივულოცო ყველა ქართულ კომპანიასა თუ ბიზნესმენს, ვინც ამ ხნის განმავლობაში მოახერხა ინვესტორებთან საერთო ენის გამონახვა, საინვესტიციო რესურსის მოზიდვა. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ საერთაშორისო ინვესტორს, ვინც პირველად შემო­ვიდა ჩვენს ქვეყანაში ან წლების განმავლობაში მოღვაწეობდა აქ და დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი დააბანდა ჩვენს ეკონომიკაში.

ამასთან, მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ, მიუხედავად ასეთი წარმა­ტებული საინვესტიციო ფონისა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ გასაკეთებელი ბევრად მეტია და ჩვენ ამ მიმართულებით დაუღალავად ვმუშაობთ. ყოველი მილიონი დო­ლარი შემოსული საინვესტიციო თანხა არის, როგორც მინიმუმ, ალბათ 50 ახალი სამუშაო ადგილი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო კაპიტალი შემოდის არა მარტო თბილისში, არა მარტო ბანკებში, არამედ ქვეყნის მრავალ რეგიონში. ჩვენ გვესმის, რომ საჭიროა ამ მუშაობის გაგრძელება. ის მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ნათლად მიანიშნებს საერთა­შორისო ინვესტორებს იმაზე, რომ ახლა არის საქართველოში ინვესტირების დრო, რასაც, ბუნებრივია, სჭირდება სტაბილური ვითარება, სტაბილური კლიმატი და სიმშვიდე.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი