საქართველოს მთავრობა – ანონსები

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე ქართულ დელეგაციას პრემიერი ხელმძღვანელობს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.
მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
სამუშაო ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრების ორმხრივი შეხვედრები.

პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა", რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება.
მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვედრას გამართავს ბიზნესის წარმომადგენლებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე არიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური