საქართველოს მთავრობა – ანონსები

საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2018-01-29

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

მოგესალმებით....
მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ჩემს ლიტველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისს საქართველოში.
ეს გახლავთ პრემიერ სკვერნელისის პირველი ვიზიტი საქართველოში და მოხარული ვარ, რომ სწორედ ლიტვის პრემიერ-მინისტრი გახლავთ მთავრობის პირველი მეთაური, რომელიც 2018 წელს საქართველოს ეწვია. როგორც მოგეხსენებათ, წელს საქართველო, ისევე, როგორც ლიტვა, უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს - სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი აღინიშნება ლიტვაში და პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღინიშნება საქართველოში, რაც დღევანდელ ვიზიტს განსაკუთრებულ სიმბოლიზმს სძენს.
ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ლიტვა წარმოადგენს საქართველოს უახლოეს მოკავშირესა და მეგობარს. არაერთხელ აღგვინიშნავს, თუ როგორ ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. დღის წესრიგი დატვირთულია ვიზიტებით, მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა უწყებათაშორისი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების და სხვა მიმართულებებით. ნაყოფიერია ურთიერთობა საკანონმდებლო ორგანოებს შორისაც და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ დამეგობრებას და თანამშრომლობას განაგრძობენ ჩვენი ქვეყნების რეგიონები და ქალაქები.
ლიტვა უკვე მრავალი წელია აქტიურად აგრძელებს განვითარების სფეროში თანამშრომლობას, „თვინინგის" პროგრამების განხორციელებას და თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში.
დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მიმართულებით მართლაც დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენი პრიორიტეტია ამ პოტენციალის სრულად ათვისება, რათა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამებოდეს ურთიერთობების მაღალ პოლიტიკური დონეს.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და მიმართული ვართ, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ასევე, ლიტვური პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე.
შეხვედრაზე ჩემს კოლეგასთან განვიხილე მნიშვნელოვანი რეგიონული სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.
განვიხილეთ ასევე პერსპექტივა, რომელიც მოაქვს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და სატრანსპორტო კავშირების დამყარების პერსპექტივა ანაკლიის ახალ პორტსა და კლაიპედას პორტს შორის.
მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირობებში, მოველით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლიტვის მთავრობა საქართველოსათვის ყოველწლიურად გამოყოფს სახელმწიფო სტიპენდიებს და ამჟამად, ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს. დარწმუნებული ვარ, 200-ვე ახალგაზრდა, რომელიც დაბრუნდება, გახდება ლიტვის კულტურული ელჩი საქართველოში.
ლიტვასთან ჩვენ ძალზედ ახლო და მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროინტეგრაციის კონტექსტში. ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. უაღრესად მნიშვნელოვანია ლიტვის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართაც.
ლიტვის მიერ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მიმართ გაძლიერებულ ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.
აღინიშნა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა და მისიის მანდატის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.
მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას.
დასასრულს, მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი დღევანდელი ვიზიტის სიმბოლიზმს და აღვნიშნო, რომ ქართველებისა და ლიტველების არაერთი თაობა გააერთიანა თავისუფლებისათვის ბრძოლამ. ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთის სახით ერთგული მეგობარი იპოვეს და მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და გაძლიერებას.
ჩემის მხრიდან, მინდა დავამატო, რომ მოხარული ვარ, რომ შევიძინე ახალი მეგობარი, ვიპოვე ადამიანი, რომელიც არის თავისი ქვეყნის პატრიოტი და ძალიან დიდი მეგობარი საქართველოსი. მინდა ვუსურვო წარმატებები საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მივესალმო მის ვიზიტს საქართველოში.
დიდი მადლობა!
ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი:
თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისათვის და იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა ჩვენი რეგიონებისთვის, გვეწარმოებინა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გახლავთ უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო გაგვაჩნდა თქვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენი საერთო მიდგომები უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხებისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გახლავთ ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც მყარად გვაკავშირებს.
ბოლო პერიოდში, საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად უწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს. ჩვენ საქართველოს ვულოცავთ აღნიშნულ მიდგომებს, ვულოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე, მოხარულები ვართ, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ამ მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. მივესალმებით თქვენს აქტიურ ჩართულობას ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაზე ხელმოწერას, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულებას. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მდგრადი ძალისხმევის შედეგი და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული რეალიზაცია გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისაკენ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ასევე, მე საქართველოს განვიხილავ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სანდო პარტნიორად. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მიერ ნატოს ოპერაციებში პრაქტიკული ჩართულობისათვის, მისიებში თქვენი სამხედრო მოსამსახურეების აქტიური მონაწილეობისათვის და თქვენი შემართება - დაიცვათ საერთაშორისო მშვიდობა, ძალზე მნიშვნელოვანი არგუმენტი უნდა გახდეს საქართველოს ნატოს წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით.
ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში.
ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ საერთაშორისო ფორუმებზე და ვითხოვთ, რომ რუსეთმა მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება.
მოხარულები ვართ, რომ სხვადასხვა მიმართულებითაც გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა, მაგალითად - ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველი სტუდენტები სწავლობენ ლიტვაში და აინტერესებთ ლიტვური ენა, განსაკუთრებით, ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის პროგრამის შემოღების შემდეგ. ასევე, დავინახეთ ლიტველების ინტერესი ქართული ენისადმი.
ვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ახლო ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, თქვენო აღმატებულებავ!