საქართველოს მთავრობა – ანონსები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

2018-01-28

საქართველოს, 29-30 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვევა.
29 იანვარს ლიტველ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. 09:40 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
11:15 საათზე პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
30 იანვარს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე - ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური