საქართველოს მთავრობა – ანონსები

გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დღეს სიტყვით გამოვა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-15

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი 19 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველო OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთისგან გადაიბარებს.

საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე.

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები.

18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერს შეხვდება, ასევე - გაიმართება შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიევსა და ავღანეთის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ ღანისთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას - "გაერო-ს რეფორმები", ასევე, მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ინოვაციური დაფინანსების განმტკიცების თემაზე დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის გახსნით სესიაში.

იგეგმება საქართველოს მთავრობის მეთაურის დასწრება მაღალი დონის შეხვედრაზე თემაზე - ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ბორის ჯონსონისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კოენდერსის თანათავმჯდომარეობით გაიმართება; გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს "ბლუმბერგის" გლობალური ბიზნესფორუმის ფარგლებში მაიკლ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მიწვეულია ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გაერო-ში დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური