საქართველოს მთავრობა – ანონსები

20-21 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-19

გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრს დაათვალიერებს. 15 მილიონ ლარად ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. ცენტრი სრულად გაზაფხულზე ამოქმედდება, სადაც 1000-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

პრემიერ-მინისტრი ეწვევა რუხის საზოგადოებრივ ცენტრს. დღეს უკვე 31 სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ საშუალება, ისარგებლონ საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი დონის მომსახურებით. პრემიერი ასევე დაათვალიერებს რუხის მრავალპროფილიან საავადმყოფოს მშენებლობას, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 41 264 000 ლარია.

გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც 7 233 მაყურებელზეა გათვლილი.

პრემიერ-მინისტრი შეხვდება შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს და მათ განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის პრიორიტეტებს გააცნობს.

გიორგი კვირიკაშვილი კურორტ თეთნულდს ეწვევა, სადაც თეთნულდის საბაგიროს გაშვებას დაესწრება. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა მშენებლობის პირველი ფაზა, კურორტი ოფიციალურად გახსნილია და მართვაში გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური