საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში2006 წლის 25 დეკემბერს შედგა საქართველოს პრემირ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ბაქოში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ: ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე,  გაზის საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელი ალეკო ხეთაგური და შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია.

ზურაბ ნოღაიდელმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილხამ ალიევთან. აზერბაიჯანულ მხარესთან მთავარი განსახილველი თემა საქართველოს გაზმომარაგების საკითხი იყო და ამ მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებიც იქნა მიღწეული. კერძოდ, აზერბაიჯანი მზად არის 2006 წლის ბოლოდან, და მთლიანად ზამთრის განმავლობაში, საქართველოს დღე-ღამეში 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოაწოდოს. ტექნიკურ დეტალების შესათანხმებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად ბაქოში ნიკა გილაური და ალეკო ხეთაგური დარჩნენ. " – უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ამის იმედი უკვე ნაკლებად გვქონდა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აზერბაიჯანის მთავრობისა და პრეზიდენტის  ამ გადაწყვეტილებას", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრებზე განიხილეს, ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მშენებლობას შეეხებოდა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ამ მხრივაც მიღწეულია შეთანხმება და მომავალი წლის 10 იანვარს საქართველოს ესტუმრება დელეგაცია და დასრულდება მოლაპარაკებები ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენასა და მშენებლობაზე. რკინიგზის მშენებლობა 2007 წლის განმავლობაში დაიწყება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი