საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

2006 წლის 4-14 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის აღსანიშნავია შეხვედრა დემოკრატ კონგრესმენ რობერტ ვექსლერთან, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართა. რობერტ ვექსლერი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრია. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხები. კონგრესმენმა ვექსლერმა საქართველოს მთავრობის კურსის სრული მხარდაჭერა გამოხატა. ეს კურსი რეფორმების გაგრძელებას, დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს.

ზურაბ ნოღაიდელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის, სამართლისა და ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიისა და კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში ევროპისა და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების პროცესს და ამ პროცესში ამერიკის მონაწილეობას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მიერ საშინაო და საგარეო არენაზე გატარებულ პოლიტიკურ კურსს და და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კვლავაც შეუძლია ამერიკის მეგობრობითა და მხარდაჭერით ისარგებლოს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში გაემგზავრა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწესთან უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლისთან საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა, აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხები და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები განიხილა.  სტივენ ჰედლიმ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ინსტიტუციონალური რეფორმების გაღრმავებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგებისკენ.

12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს რიჩარდ ჩეინის. შეხვედრაზე ზურაბ ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის როლის მნიშვნელობას მსოფლიოს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგებისა და ამ პროცესებში ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

14 დეკემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენატორმა რიჩარდ ლუგარმა მიიღო. ისაუბრეს ენერგეტიკულ საკითხებზე, კონფლიქტების მოგვარებასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. სენატორმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა: სასიხარულოა, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ დაწესებული სანქციებისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ამ შეხვედრების და ზოგადად, ვიზიტის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდა საქართველოსა და აშშ-ს პოლიტიკური თანამშრომლობა, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოწესრიგების გზების ძიებისა და ევროატლანტიკური და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობის თვალსაზრისით.

ახალი პერსპექტივები დაისახა ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისითაც, რაზეც მეტყველებს აშშ-ს საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) თბილისში კონკრეტული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა. კერძოდ, კორპორაციამ ჯი ემ თი ჯგუფთან ხელი მოაწერა ორ დოკუმენტს. პირველი გულისხმობს 4 მილიონიანი სესხის გამოყოფას საქართველოში სანტეს ქსელის გაფართოებისათვის, ხოლო მეორე – აშშ-ს საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის ჩართვას იმ პროექტის განხორციელებაში, რომელიც მთაწმინდაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გულისხმობს.

შედეგიანი იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, ასევე აშშ-ს საქმიან წრეებთან გამართული შეხვედრები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ინტენსიფიკაციასა და ეკონომიკურ სექტორში აშშ-ს ინვესტიციების მოზიდვას ემსახურებოდა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრა კორპორაციის ათასწლეულის გამოწვევა (MCC) აღმასრულებელ დირექტორთან ჯონ დანილოვიჩთან, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში ინფრასტრუქტურის  განვითარების მიმართულებით, რაც ამ ეტაპზე გულისხმობს სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციას, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციას და რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. მხარეებმა ასევე განიხილეს ფონდის მიერ საქართველოსათვის მეორე კომპაქტის (დაფინანსების) გამოყოფის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან დევიდ სამპსონთან. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას. შეხვედრის ბოლოს სამპსონმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია დეპარტამენტის სრული მხარდაჭერით ისარგებლოს.

რეზულტატური იყო  საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან პოლ ვოლფოვიჩთან. შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ითქვა, რომ ხელი მოეწერა 20 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. მსოფლიო ბანკის რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელმა წარმატებულად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ახალი კრედიტის გამოყოფა ამ რეფორმების პოზიტიურობით ახსნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აგრეთვე შეხვდა ამერიკის "ექსპორტ-იმპორტ ბანკის“ თავმჯდომარეს ჯეიმს ლამბრაიტს. განიხილეს ბანკის შესაძლო მონაწილეობის საკითხები საქართველოს ენერგეტიკული სფეროს პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებაში.

ამერიკაში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრი  სიტყვით გამოვიდა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მე-9 ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 5 დეკემბერს სიეტლში გაიმართა. ზურაბ ნოღაიდელმა თავის სიტყვაში მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მიმზიდველი ბიზნესგარემო კარგ პირობებს ქმნის ქვეყანაში ინვესტიციების, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების, მოზიდვისათვის. ამავე კონფერენციაზე აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწემ ევროპის საკითხებში პოლ დიკმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს მთავრობა ხელს შეუწყობს და წაახალისებს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების განვითარებას საქართველოსთან, როგორც აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორთან.

თავის მხრივ, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან ერთად სიეტლში (ვაშინგტონის შტატი), დევისსა და სან-ფრანცისკოში (კალიფორნია), კემბრიჯსა (მასაჩუსეტსი) და ვაშინგტონში ჩატარებულმა ქართული ღვინის პრეზენტაციებმა საფუძველი მოუმზადა აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტად დამკვიდრებას.

საგულისხმო იყო ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელთან, ელჩ სიუზან შვაბთან. შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, საქართველოს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა. გადაწყდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში თბილისში ჩამოვა ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხის შესასწავლად, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ვაჭრობის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩატარებული ლექციები კალიფორნიის, სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, აგრეთვე დევისის ევროაზიური კვლევების ცენტრსა და ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტში. ეს ის ინსტიტუტებია, რომელთა კვლევებსა და ექსპერტების მოსაზრებებს აშშ-ს ადმინისტრაციაც ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი