საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი თურქეთში

23 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. მას თან ახლდა ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური.

ვიზიტის მთავარ მიზანს ქალაქ სტამბულში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრება და თურქეთის მთავრობის პირველ პირებთან შეხვედრა წარმოადგენდა.

პირველი შეხვედრა ზურაბ ნოღაიდელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან ფარვიზ დავუდისთან გამართა. შეხვედრაზე შეეხნენ ეკონომიკურ საკითხებს, პირველ რიგში კი მოლაპარაკებებს ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით. ცნობილი გახდა, რომ დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, ირანში ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება და სწორედ იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ირანიდან გაზის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით.

ასევე გაზის თემას შეეხო შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან გიულერ ჰილმისთან. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, უახლოეს პერიოდში შედგება სამმხრივი შეხვედრა და იქ "შაჰდენიზის” გაზის მიწოდებაზე უშუალოდ თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან უკვე საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება ჩამოყალიბებული. "– ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ერთდროულად ოთხ სხვადასხვა ქვეყანასთან გაზის საქართველოში მოწოდების შესახებ და, საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობისთვის საუკეთესო ვარიანტს შევარჩევთ. აუცილებლად მივიღებთ გაზს სამი ან შესაძლოა ოთხივე წყაროდან ერთდროულად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ირანის ვიცე-პრეზიდენტთან და თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას შეეხებოდა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით: "რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ მოლაპარაკებები ამ თემაზე ორივე ქვეყანასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ექსპორტის განვითარებისთვის”.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულაჰ გიულთან და სახელმწიფო მინისტრთან ქიურშად თიუზმენთან. ზურაბ ნოღაიდელი აგრეთვე სიტყვით გამოვიდა “Global Energy Security Update-European Perspective” სესიაზე.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი