საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

სამუშაო ვიზიტი სინგაპურში

2006 წლის 15-19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფებოდა.

17 სექტემბერს მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ სინგაპურში გამართეს კონფერენცია თემაზე “მსოფლიოში ბიზნესის წარმოებისა და რეფორმების შესახებ”. კონფერენციაზე სპეციალური სტუმრის რანგში მიწვეული იყო ბატონი ზურაბ ნოღაიდელი, როგორც N1 რეფორმატორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმები; კერძოდ, ილაპარაკა: ბიზნესის რეგისტრაციის, ლიცენზიებისა და ნებართვების, შრომითი კანონმდებლობის, საგარეო ვაჭრობის, ფინანსურ სექტორსა და სამართლებრივ სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გამოსვლის დასასრულს  ილაპარაკა აგრეთვე მომავალში განსახორციელებელ რეფორმებზე, როგორიც არის ბიზნესის დახურვა, საკრედიტო ინფორმაციის გაუმჯობესება და ა.შ.

სხვა რეფორმებთან ერთად აუდიტორიის განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია მიმდინარე სამართლებრივი სფეროს რეფორმამ.

ბატონი ნოღაიდელის შემდეგ მექსიკაში მიმდინარე ფინანსური სექტორის რეფორმაზე ილაპარაკა მექსიკის (რეფორმატორი N3) ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ჯილ დიასმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მენეჯერთან ბატონ თუნელთან და მსოფლიო ბანკის გენერალურ დირექტორთან ბატონ ვილერთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები და მომავალში თანამშრომლობის უახლოესი გეგმები (მათ შორის გზების რეაბილიტა-ცია/მშენებლობისა და ენერგეტიკის მიმართულებით).

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ სასახლეში მიიღო სინგაპურის პრეზიდენტმა ბატონმა სელაპან რამანათანმა. მასპინძელმა მოიგონა საქართველოში მისი სტუმრობა – ღირშესანიშნავი ადგილები, ქართული სამზარეულოს ეგზოტიკური კერძები და ქართული გულითადობა; ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაფართოების საკითხებზე. სურვილი გამოითქვა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად მოეწყოს ქართველი და სინგაპურელი ბიზნესწრეების წარმომადგენელთა შეხვედრა. დასასრულს ზურაბ ნოღაიდელმა სინგაპურის პრეზიდენტს გადასცა მიხეილ სააკაშვილის მოწვევა საქართველოში.

დელეგაციის ორი წევრი: საქართველოს ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი და  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე აგრძელებენ ვიზიტს სინგაპურში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრების ფორმატის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი