საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში

13-15 ივნისს შედგა პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში, სადაც ქვეყნის ხელისუფლების გარდა ზურაბ ნოღაიდელმა შეხვედრები გამართა ნატოსა და ეროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლებთან.

პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპის კავშირის გენერალურ მდივანს ხავიერ სოლანას. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებაც. ზურაბ ნოღაიდელმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემების რეფორმირებაზე. პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა ევროპის კავშირის მიმართ საქართველოსთვის რეფორმების პროცესში გაწეული დახმარებისათვის. განსაკუთრებით აღინიშნა ევროპის კავშირის აქტიური როლი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მოწესრიგებაში ევროკავშირის როლის გააქტიურების საჭიროების შესახებ, რასაც ბატონი სოლანას პოზიტიური რეაქცია მოჰყვა. დადებითი შეფასება მიეცა სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოლაპრაკებების მიმდინარეობასაც. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანეს საკითხად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება რჩება.

მეტად პროდუქტიული შეხვედრა შედგა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან ანდრის პიბალგსთან. ისაუბრეს ევროპაში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ბატონი პიბალგსის განცხადებით, ევროპის კონტინენტისათვის ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროებიდან მოწოდების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. მიმოიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ კუთხით მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

საგარეო საკითხებში ევროკომისართან ბენიტა ფერერო-ვალდნერთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის პროცესის შესახებ. განიხილეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის შეთანხმების მიმდინარეობა. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის შედეგებს.

ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეხვდა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს პიტერ მანდელსონს,  რომელთანაც საუბრის მთავარ თემას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა წარმოადგენდა. ბატონი მანდელსონის განცხადებით, ევროპის კომისია შეისწავლის აღნიშნულ საკითხს დადებითი გადაწყვეტილებისათვის გზების ძიების მიზნით. კომისარმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ეკონომიკური და ფისკალური ლიბერალიზების კუთხით გატარებულ პოლიტიკას.  

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების თემა იყო მთავარი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალესანდრო მინუტო რიცოსთან შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ინტეგრაციის ახალ ეტაპზე სწრაფი გადასვლა, რაც საქართველოს მომავალ განვითარებას  შეუწყობს ხელს.

ზურაბ ნოღაიდელი ასევე დაესწრო ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნას. ზურაბ ნოღაიდელმა და ეუთოს მუდმივმა თავმჯდომარემ კარელ დე გუხტმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. ზურაბ ნოღაიდელმა მიმოიხილა კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის აქტუალური საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ უპირველეს პრობლემად რეგიონის დემილიტარიზაცია რჩება. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესის მონაწილე მხარეთა რიცხვის გაზრდას.

კარელ დე გუხტთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დონორთა კონფერენციის შედეგები, დეტალურად ისაუბრეს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა ასევე ილაპარაკა საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ. განიხილეს საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. შეთანხმდნენ, რომ ბატონი დე გუხტი საქართველოს ივნისის ბოლოს ეწვევა.

ნატოსა და ევროპის კავშირის წარმომადგენლების მიერ ვიზიტის შედეგებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებების თანახმად, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი