საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში

2006 წლის 1-2 ივნისს შედგა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში

ვიზიტის პირველი დღე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დანიალ ახმეტოვთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ძირითადად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის მომავალი გეგმები განიხილებოდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა ხსნის ყოველგვარ პრობლემას საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში. დანიალ ახმეტოვის თქმით, განხილვის სტადიაშია ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

აქვე ცნობილი გახდა, რომ ყაზახური მხარე საქართველოში კიდევ ერთი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. საქმე ეხება ფოთის პორტში მარცვლეულის ტერმინალის აშენებას, რომლის საშუალებით დაახლოებით 1 მილიონი ტონა მარცვალის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი. აღნიშნული პროექტის განხილვა უახლოეს მომავალში დასრულდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აგრეთვე შეხვდა კომპანია “კაზმუნაიგაზის” პრეზიდენტს უზაკბაი კარაბალინს. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, შეხვედრა იმ კონკრეტული გეგმის შემუშავებას ემსახურებოდა, რომლის მეშვეობითაც უნდა გაიზარდოს საქართველოს დედაქალაქში “თბილგაზის” მიერ გაზის გადასახადის ამოღება და მოხდეს ტექნიკური დანაკარგის შემცირება.

სამუშაო ვიზიტის პირველი დღის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელს შეხვედრები ჰქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან ასკარ მამინთან და “ევრაზიის ინდუსტრიული ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ალიტჟან იბრაგიმოვთან.

2 ივნისი, ვიზიტის მეორე დღე, საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გახსნით დაიწყო. მასში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ და ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა მიიღეს. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბ ნოღაიდელმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნა, რომ ყაზახეთი 2006 წლის შედეგებით ნომერ პირველი ინვესტორია საქართველოში.  უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ყაზახური კომპანიები წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 3-4 მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებენ საქართველოში.

ამავე დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ამ შეხვერაზე განიხილეს, საქართველოს დსთ-დან გამოსვლის საკითხს შეეხებოდა. აღნიშნული შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ყაზახეთის პრეზიდენტი ამჟამად სწორედ დსთ-ს თავმჯდომარეა.

იმაში, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არაეფექტიანია და არაფორმალურ ხასიათს ატარებს, ზურაბ ნოღაიდელი, პირველ რიგში, რუსეთს ადანაშაულებს. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი სამთავრობო კომისია აგრძელებს მუშაობას და კონსულტაციებს მართავს დსთ-ში მყოფ საქართველოს პარტნიორ სხვა ქვეყნებთანაც და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ მიიღება.

პრემიერ-მინისტრი ქალაქ ასტანაში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციისა და ტურისტული სააგენტოების პრეზენტაციასაც დაესწრო. მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პრეზენტაციებით და იმ კონკრეტული მექანიზმებით, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქართული ღვინის ექსპორტი ბევრად შედეგიანი გახდება.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გამართა  ყაზახეთის რესპუბლიკის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი