საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

2006 წლის 3-4 მაისს შედგა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა მსხვილ კომპანიებთან, რაც უცხოელ ბიზნესმენთათვის საქართველოში, ძირითადად ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში ინვესტირების შესაძლებლობის გაცნობას ემსახურებოდა.

ზურაბ ნოღაიდელი პარლამენტში საქართველოს თაობაზე საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ბრიტანეთის თემთა პალატის წევრს, ბრიუს ჯორჯს შეხვდა.

ვიზიტის მეორე დღე პრემიერ-მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან, ჯეინ ლემიერთან (Jean Lemierre) შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს მთავარი გაზსადენის რეაბილიტაციაში, ასევე ლაპარაკია გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ინვესტიციების განხორციელებაზე.

ზურაბ ნოღაიდელმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბრიტანეთის ბიზნესფორუმში “ინვესტირება საქართველოში”, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ბრიტანული ორგანიზაციის “Financial Times” ორგანიზებით ჩატარდა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძემ, ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, თუკი უახლოესი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კონცეტრირებული იყო ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორების პრივატიზაციაზე, ახლა ბევრად უნდა გააქტიურდეს საუბარი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე. დღევანდელი კონფერენცია საქართველოში ინვესტირების მოზიდვის ახალი ეტაპის დასაბამი უნდა გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინვესტიციების მოზიდვა აგრარულ სექტორში და განსაკუთრებული აქცენტი უახლოეს მომავალში სწორედ ამ მიმართულებით გაკეთდება.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღვინის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა არამეგობრული და, რაც მთავარია, არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთში ქართული ღვინის აკრძალვის შესახებ. აქვე, ცნობილი გახდა, რომ მაისის ბოლოს  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თაოსნობით ქალაქ ლონდონის “ღვინის მუზეუმში” ქართული ღვინის გამოფენა მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს ღვინის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელისა და ამერიკული კომპანიის  “Eastwind Maritime Inc“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი არის ის, რომ აღნიშნული კომპანიის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბათუმის პორტის მართვის უფლებით გადაცემის ტენდერში. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად განპირობა იმან, რომ ამერიკული კომპანია ძალიან კმაყოფილია ბათუმის სანაოსნოს პრივატიზაციით, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზოგადი სახის შეხვედრა გამართა ბრიტანული ნავთობკომპანიის – “ბრიტიშ პეტროლიუმის” (BP) წარმომადგენლებთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი