საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში

27-29 მარტს შედგა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს ვოლფგანგ შიუსელს (Wolfgang Schussel) და ქვეყნის პრეზიდენტს ჰაინც ფიშერს (Heinz Fischer). ზურაბ ნოღაიდელმა ასევე  გამართა შეხვედრები ეუთოში და გააკეთა მოხსენება ეუთოს მუდმივ საბჭოზე. პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა ავსტრია-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მუშაობაში, და მსხვილ ავსტრიელ ბიზნესმენებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა პირველი შეხვედრა ეუთოში ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან გამართა. მხარეებმა ისაუბრეს ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

იგივე საკითხებს შეეხო ზურაბ ნოღაიდელი ეუთოს მუდმივი საბჭოს წინაშე გამოსვლისას. მან გაამახვილა ყურადღება სახელმწიფოს განვითარებაში არსებულ მიღწევებზე, კერძოდ, დემოკრატიის განმტკიცების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკის და სოციალურ სფეროებში არსებული მნიშვნელოვანი ძვრების შესახებ და ამ კონტექსტში ილაპარაკა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აღინიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა. პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ფაქტები, რომ რეგიონში მძიმე შეიარაღება აღმოაჩინეს, ამოიღეს დიდი რაოდენობით ყალბი ფული, გამოვლინდა კონტრაბანდის მრავალი შემთხვევა. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით ამ ფონზე ის, რომ ეუთოს დამკვირვებელთა მისია რეგიონში არ შეუშვეს, კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას. მისი შეფასებით შექმნილი ვითარება ძირს უთხრის არა მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობას, არამედ ეუთოს ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელ ნაბიჯებს შორის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ერთობლივი ქართულ-ოსური საპოლიციო დანაყოფის ამოქმედება და დასახლებულ პუნქტ გუფთასთან საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხების გადაწყვეტისას საჭიროა თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომის შემუშავება, პირველ რიგში, რუსეთთან ერთად.

ზურაბ ნოღაიდელმა გამოთქვა სინანული, რომ დემილიტარიზაციისკენ მიმართულ ქართული მხარის ცალმხრივ ნაბიჯებს ოპონენტთა ადეკვატური რეაქცია არ

მოჰყოლია.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ნდობის აღსადგენად ქვეყნის ხელისუფლების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. მან განსაკუთრებით გამოჰყო რესტიტუციის შესახებ კანონი, რომელიც უახლოეს დროს პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცებლად. ასევე აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების პროექტები, რომლებიც რეგიონში სოციალური ინფრასტრუქტურის – სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების – აღდგენას ითვალისწინებს.

ამ კუთხით ნოღაიდელმა ყურადღება მიაპყრო ეუთოს შემფასებელთა მისიის საქმიანობას და ამ შედეგებზე დაყრდნობით მიმდინარე წლის მაისში ბრიუსელში დაგეგმილ დონორთა კონფერენციას.

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა პირველად გაამხილა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, გამოიყოს იგივე რაოდენობის თანხა რეგიონის რეაბილიტაციისათვის, რასაც დონორი ქვეყნები გაიღებენ.

დასასრულს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა “საქართველოს ხელისუფლება არ არის წარსულზე ორიენტირებული და არ ეძებს დამნაშავე მხარეებს, ჩვენ მოწოდებული ვართ რეალური პროგრესის მისაღწევად და მზად ვართ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენ, კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას განვიხილავთ. ეს დიდ ძალისხმევას, მოთმინებას და კომპრომისს მოითხოვს. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ საქართველო ასრულებს თავის დანაპირებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ კურსს, რათა შევინარჩუნოთ კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნის იმიჯი.”

იმავე დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს ვოლფგანგ შიუსელს (Wolfgang Schussel) და ფედერალურ პრეზიდენტს ჰაინც ფიშერს (Heinz Fischer). შეხვედრებზე განიხილეს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების მიმდინარეობა, ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციზე და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე.

პრემიერ-მინისტრმა გაამახვილა ყურადღება ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა ევროკავშირის როლის გააქტიურებას საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და გამოხატა კმაყოფილება იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ავსტრია, როგორც ევროპის კავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველოს მიმართ ავლენს. მან გამოჰყო ევროკავშირის სახელით გაკეთებული განცხადებები (მათ შორის ეუთოს მუდმივი საბჭოს 27 მარტის  სხდომაზე) ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა ევროკავშირის სურვილი, მიიღოს მონაწილეობა რეგიონის რეაბილიტაციის პროექტებში.

ზურაბ ნოღაიდელმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმაზე მოლაპარაკებათა მიმდინარეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულად აფასებს ვითარებას და ამ ეტაპზე დღის წესრიგში აყენებს რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ავსტრიულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმულ სურვილს, დღის წესრიგში დადგეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის, ხოლო პირველ ეტაპზე – ევროპის საბაჟო კავშირის წევრ თურქეთთან.

ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ საუბრისას, აღინიშნა, რომ მთელი ევროპის კონტინენტი დგას ერთიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების აუცილებლობის წინაშე, რომლის მთავარ ელემენტს წყაროთა დივერსიფიცირება უნდა წარმოადგენდეს. ამ კუთხით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალს და არსებული პროექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი) რეგიონული (ევროპული) დონის სისტემაში ჩართვასთან დაკავშირებით.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ავსტრიელი ინვესტორები საქართველოს მიმართ დაინტერესებას გამოხატავენ. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ვიზიტის ფარგლებში საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების დამატების გაფორმება, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლას.

ვიზიტის მეორე დღეს ზურაბ ნოღაიდელმა გახსნა ავსტრია-საქართველოს ბიზნესსაბჭო, რომელსაც ავსტრიის ეკონომიკური პალატის ხელმძღვანელობა და მსხვილი ავსტრიელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

ფორუმი ძირითადად ტრანსპორტისა და კომუნიკაციის, ენერკეტიკის და საბანკო სექტორებს შეეხო. მომხსენებელთა შორის იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში მოღვაწე უცხოელი ბიზნესმენები.

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს ეკონომიკაში გატარებული რეფორმებისა და ქვეყანაში შექმნილი პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ. სტუმართა დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემის სიმარტივემ და ეკონომიკის ზრდის ტემპმა, რომელმაც 2005 წელს 9.3% შეადგინა.

ფორუმის მეორე ნაწილში ქართველმა ბიზნესმენებმა თავის ავსტრიელ პარტნიორებთან გამართეს მოლაპარაკებები, სადაც რეალური გადაწყვეტილებებიც მიიღეს. უკვე პრემიერ-მინისტრის მოხსენებისთანავე გამოვლინდა ავსტრიელი ბიზნესმენების კონკრეტული დაინტერესება ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების შესაძლებლობით.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ავსტრიის ეკონომიკური პალატის ხელმძღვანელობას. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ მიუხედავად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების აბსოლუტური მოცულობის სიმცირისა, 2005 წელს, წინა წელთან შედარებით, ვაჭრობის მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ავსტრიის ინვესტირების პოტენციალს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ავსტრია ლიდერია მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით.

ვიზიტის ბოლო დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ავსტრიის მსხვილ ბიზნესმენებს და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს. ვიზიტის შედეგად, ასევე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ 2006 წლის განმავლობაში საქართველოში მოეწყოს ავსტრიელი ბიზნესმენების საპასუხო ვიზიტი, სადაც ისინი ადგილზე გაეცნობიან ქვეყანაში ინვესტირების შესაძლებლობებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი