საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი თურქეთში

4-5 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიპ-ერდოღანთან, სახელმწიფო მინისტრ ქიურშად თიუზმენთან, ქ. სტამბოლის მერ ქადირ თოფბაშთან, თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტთან ბატონ რიფათ ჰისარჯიქლიოღლუსთან. პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს და მონაწილეობა მიიღო საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის მუშაობაში.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მთავარ ამოცანას, საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება წარმოადგენდა. შეხვედრებზე გამოიკვეთა თურქული მხარის სურვილი ხელი შეუწყოს საქართველოში თურქი ბიზნესმენების საქმიანობას. მხარეებმა მიზნად დაისახეს, 2008 წლისთვის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ და საქართველოში თურქული ინვესტიციების რაოდენობამ 2 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწიოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთთან მიმართებაში მისი მთავარი ამოცანა ორი ქვეყნის ერთიან ეკონომიკურ ზონად გადაქცევაა.

ბიზნესფორუმზე გამოსვლისას ზურაბ ნოღაიდელმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის იმ ბოლოდროინდელ მიღწევებზე რომელთა გამო, ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისათვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. პირველ რიგში ნოღაიდელმა გამოყო საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობა, საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზება, ისაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების და საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის შესახებ. ზურაბ ნოღაიდელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ენერგოსექტორში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესს და წარადგინა მსხვილი ენერგოობიექტებისა და ჰიდროელექტროსადგურების სატენდერო გეგმა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში თურქული კაპიტალის წარმატებული საქმიანობის  მაგალითები მოიყვანა და თურქ ბიზნესმენებს საქართველოში აქტიური ინვესტირებისაკენ მოუწოდა. ქვეყანაში არსებული რეალური პირობებისა და შესაძლებლობების გასაცნობად ნოღაიდელმა ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია.

ფორუმზე თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ბირჟების გაერთიანებამ წარადგინა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საბაჟოს როგორც ქართული, ასევე თურქული ნაწილების მოდერნიზებას. პროექტის ღირებულება სავარაუდოდ, 25 მილიონი დოლარი იქნება, თუმცა იგი არ მოითხოვს საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს და მისი განხორციელების პროცესი არ შეაფერხებს მგზავრთა მიმოსვლას. აღინიშნა, რომ ეს ინიციატივა 2005 წლის ოქტომბერში, პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას იქნა დასმული და ოთხ თვეში რეალური გამოხატულება ჰპოვა.

თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ქიუშრად თიუზმენმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ზურაბ ნოღაიდელის თურქეთში წინა სტუმრობისას მიღწეულ კიდევ ერთ შეთანხმებას მოჰყვა სწრაფი რეალიზება. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი თურქი კოლეგის მიერ 2005 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 10 თებერვლიდან ორი ქვეყნის მოქალაქეთათვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ზურაბ ნოღაიდელის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე ქართულ მხარეს უფრო თამამი ნაბიჯის გადაგმა შესთავაზა, კერძოდ კი ორი ქვეყნის ბიზნესმენებისათვის 1 წლიანი უფასო ვიზების გაცემა.

პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან და სახელმწიფო მინისტრ თიუზმენთან შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ენერგოსექტორში არსებულ მდგომარეობას. ითქვა, რომ საქართველოსა და მთელი ევროპისათვის აუცილებელია ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირება და საერთო ევროპული ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავება. ამ მხრივ, საქართველომ და თურქეთმა შესაძლოა, ერთგვარი “დერეფნის” როლი შეასრულონ ცენტრალური აზიიდან ევროპაში ენერგომატარებლების ტრანზიტისათვის.  ქართული და თურქული მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მუშაობას საქართველოსთვის შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის შესყიდვის კვოტის გაზრდის მიმართულებით. ასევე, იმსჯელეს თურქეთსა და საქართველოს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზეც, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ზამთარში თურქეთიდან, ხოლო ზაფხულში - საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი.

ზურაბ ნოღაიდელმა დიდი დრო დაუთმო თურქ ბიზნესმენებთან ურთიერთობას. იგი პირადად შეხვდა ბევრ მათგანს და ესაუბრა საქართველოში მათი ინვესტიციებისათვის არსებული საუკეთესო პირობების შესახებ. მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები სამშენებლო პროექტებში თურქული კომპანიების მონაწილეობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებული შეხვედრა გაუმართეს "საბანჯი ჰოლდინგში". თურქეთში სიდიდით მეორე კომპანია, რომლის აქტივები 32 მლრდ. დოლარს აღემატება, დაინტერესდა საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირების განხორციელებით.

პრემიერ-მინისტრი, ასევე შეხვდა ქალაქ სტამბოლის მერს ქადირ თოფბაშს. შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ქალაქებიდან, პირველ რიგში თბილისიდან მივლენილ იქნება დელეგაცია, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალური სისტემების მუშაობას გაეცნობა. ისაუბრეს სატამბოლში ქართული კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებაც. განსაკუთრებულად თბილი შეხვედრა მოუწყვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებმა. ზურაბ ნოღაიდელის საპატივცემულოდ გამართულ სადილზე ისინი პრემიერ-მინიტრის წინაშე ქართული სიმღერებით წარსდგნენ. შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა, დიასპორის წარმომადგენლებმა ზურაბ ნოღაიდელს გადასცეს საჩუქარი ქართულ ენაზე შესრულებული წარწერით.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთში ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის "მარმარა ჯგუფის" ხელმძღვანელობას. მისი წევრები თურქეთის ყოფილი პოლიტიკური მოღვაწეები, გადამდგარი მაღლჩინოსანი სამხედროები და გავლენიანი ბიზნესმენები არიან. შეხვედრაზე ზურაბ ნოღაიდელმა ერთგვარად შეაფასა ვიზიტის შედეგები და თურქეთთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. ორგანიზაციის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყველა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვეს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი