საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

2007 წლის 11-13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ქალაქ პრაღაში ვიზიტის პირველ დღეს ზურაბ ნოღაიდელი სიტყვით გამოვიდა რადიო ,,თავისუფალი ევროპის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოს მთავრობა სპეციალურად მიიწვიეს. თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე და განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ილაპარაკა. უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას ზურაბ ნოღაიდელი რუსეთთან ურთიერთობებსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო "თავისუფალი ევროპის" ქართულ ბიუროს. იმავე დღეს ზურაბ ნოღაიდელმა ჩეხეთის სატელევიზიო არხის ,,ჩესკა ტელევიზია ენდას" პირდაპირ ტელეეთერში მიიღო მონაწილეობა.

12 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარეს პრჟემისლ სობოტკას. შეხვედრაზე განიხილეს არაერთი აქტუალური საკითხი, მათ შორის საქართველოში ჩეხური ინვესტიციების ზრდა და სავაჭრო ურთიერთობები ჩეხეთის რესპუბლიკასთან. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, შესაძლოა ჩეხეთი უკვე მიმდინარე წელს გახდეს საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა. საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და შემდგომ ნაბიჯებს.

- ,,მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკაში გვიწევენ როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი, პირადად სენატის თავმჯდომარე. აგრეთვე განვიხილეთ საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხები. ჩვენ ამ მხრივაც გვაქვს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა და მადლობელი ვარ იმ პოზიციისათვის, რომელიც არსებობს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატსა და მთავრობაში", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა.

პრემიერ-მინისტრი აგრეთვე დაესწრო ჩეხეთში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართულ სადილს BBG-ის (Broadcast Board of Governors) წარმომადგენლებთან.

13 ივნისს, ვიზიტის მესამე დღეს, ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მირეკ ტოპოლანეკს. შეხვედრაზე არაერთი აქტუალური საკითხი განიხილეს. საუბარი ძირითადად შეეხებოდა ჩეხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, უკვე არსებობს ისეთი ახალი საინვესტიციო პროექტები, რომელიც განხილვის სტადიაშია. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად საქართველომ მიიღო ჩეხეთის მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის სრული მხარდაჭერა. ბუნებრივია, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხები. მირეკ ტოპოლანეკის თქმით, საქართველო სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა და მას შეუძლია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. შეხვედრაზე აგრეთვე ილაპარაკეს ენერგოუსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხებზეც.

ამავე დღეს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ჩეხეთის ,,ექსპორტ ბანკის" (Czech Export Bank) პრეზიდენტთან იოზეფ ტაუბერთან. აღნიშნული ბანკი ნაწილობრივ უკვე აფინანსებს ორ ძალიან სერიოზულ ჩეხურ ინვესტიციას საქართველოში ელექტროენერგეტიკისა და ჯანდაცვის სექტორში. შეხვედრაზე განიხილეს ახალი პროექტები. ეს პროექტები თავისი შინაარსით ძირითადად სამრეწველო ხასიათის პროექტებია. - ,,ჩვენ მივესალმებით როგორც ჩეხი პარტნიორების, ასევე ჩეხეთის ,,ექსპორტ ბანკის" მონაწილეობას ამ პროექტებში. რამდენიმე მათგანის განხილვა ალბათ წლის ბოლომდე დასრულდება და, შესაბამისად, დამატებითი ჩეხური ინვესტიციები გამოჩნდება საქართველოს ეკონომიკაში", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი