პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კახეთის რეგიონში

2008 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე კახეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი რთველის მიმდინარეობას გაეცნო და გურჯაანის ყურძნის კონცენტრატის და ბადიაურის ღვინის ქარხნები მოინახულა.

ვლადიმერ გურგენიძემ განაცხადა, რომ კმაყოფილია რთველის მიმდინარეობით და მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩატარებული სამუშაოსთვის.

”პროცესი წელს არის ორგანიზებული. ვაუჩერების სისტემა გამართლებულია, საკმაოდ ბევრი უკვე არის განაღდებული,” - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე ვლადიმერ გურგენიძემ ისაუბრა ხარისხიანი ღვინის ბაზარზე გატანის შესახებ. ”პირველი, რაც გვითხრა ამერიკულმა დელეგაციამ, რომელიც ერთი კვირის წინ ჩამოვიდა საქართველოში იყო ის, რომ ქართული ღვინო დაემატება იმ პროდუქტების ნუსხას, რომელზეც ამერიკაში საქართველო ბაჟს არ იხდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამერიკას აქვს უდიდესი ბაზარი,” - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

მთვრობის ინიციატივით ყურძნის სუბსიდირებისთვის 21 მილიონი ლარი გამოიყო, აქედან 6 მილიონი ლარის ვაუჩერი უკვე განაღდებულია.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი