საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2021 წლის სხდომები

2021 წლის 2 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-02

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი
სხდომის დაწყებამდე მთავრობის მეთაურმა განცხადებები გააკეთა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს და ამაზე მეტყველებს საქსტატის მონაცემებიც, რომლის თანახმად, ივნისში ეკონომიკა 18,7%-ით გაიზარდა.

„პარასკევს ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ივნისის თვის მაჩვენებელი, რომელმაც შეადგინა 18,7%. ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა. ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ გვქონდა 45% -იანი ზრდა, მაისში 25%-იანი ზრდა, ახლა უკვე ივნისში დაფიქსირდა 18,7% -იანი მაჩვენებელი, რაც ,რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,8%, 6 თვეში ჩვენ ეკონომიკის ასეთი უპრეცედენტო ზრდა გვქონდა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს, რომ ახალი პროექტები დაფინანსდეს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, პროგრამას - „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტები დაემატება.

„ჩვენ ვამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან - იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას ეკონომიკის აღდგენის პროცესში და მოსახლეობას აცრისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. 2 მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ დროულად ჩავიტაროთ აცრა. ჩვენ მაქსიმალურად გავაფართოეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში გვინდა, ჩავიდეთ ეტაპობრივად, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაციაა საჭირო, უფრო მეტი კომუნიკაცია, უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს, რომლებიც ათას სიყალბეს ავრცელებენ. ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს. ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. მართლაც უპრეცედენტო ზრდაა ჩვენს ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ის, რომ ჩვენ ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა მოვახერხეთ, არის ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავი. ამ ყველაფერს სჭირდება სწორად გამოყენება, სწორი ახსნა მოსახლეობასთან. ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა, ვაქცინაციის პარალელურად, ყურადღება გაამახვილა იმ რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან მომდინარეობს.

„გასულ წელს, როდესაც მთლიანად ჩაკეტილი იყო ქვეყანა, ასი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ისხდნენ სახლში და შემდეგ, რა თქმა უნდა, მიიღეს 200-ლარიანი დახმარება, რაც ჩვენ შევძელით. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამიტომ, ეს რომ არ განმეორდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ერთის მხრივ, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც მომდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, დავუჯეროთ ჩვენს ექიმებს, მეცნიერებს და მეორეს მხრივ, ჩავიტაროთ ძალიან მარტივი აცრა. მთავარი არგუმენტი, რაც მოსახლეობას მინდა ვუთხრა - დაინფიცირების შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ ფატალურად დასრულდეს ესა თუ ის შემთხვევა. მით უმეტეს, ეს არის ძალიან ინდივიდუალური. ძალიან ბევრ ჯანმრთელ ადამიანს შეხვდა კორონავირუსი და სამწუხაროდ, უბედურება დაემართა ბევრ ადამიანს ჩვენს გარშემო, მაგრამ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში ერთ-ორ შემთხვევას. მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა. შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ დროულად ჩავიტაროთ ვაქცინაცია. გვაქვს „სინოფარმის", „სინოვაკის" და „ფაიზერის" ვაქცინები ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის ინიციატივით, იწყება სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება, როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა.

„ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რთველის სამზადისთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება. შედეგად, 1 კგ რქაწითელის ღირებულება იქნება, არანაკლებ 0,90 ლარისა.

„ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები. მე მინდა, ფაქტები მივაწოდო ჩვენს მოსახლეობას - ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. ეს არის სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. შედარებისთვის, მოსახლეობას რომ ვუთხრათ, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ღვინის კომპანიების რაოდენობა ქვეყანაში იყო - 39. 2020 წელს 350 ღვინის კომპანიაა, ამაში შედის ღვინის მარნები, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიები. მთლიანობაში, კახეთის რეგიონისთვის, მეღვინეობიდან გამომდინარე 2012 წელს იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს აღნიშნული შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა. 323 მილიონი შევიდა კახეთის რეგიონში, მხოლოდ ყურძნისგან. ეს არის რეალურად შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და განსხვავებას მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს საკუთარ ჯიბეზეც", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ყურძნის გადამუშავებას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს - 283 ათასი ტონა ყურძენი.

„ასეთი სხვაობა, ამხელა პროგრესი გვაქვს ამ დარგში. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიმკით და ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად გვესმის, ლევან დავითაშვილმა შეაფასა ქვეყანაში არსებული სიტუაცია, წელს ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 ათას ტონას და ჩვენი ინფორმაციით, აშკარაა, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს ჭარბი მოსავლის გამო, რომელიც წინა წლებშიც ჰქონდათ. მათ, შეიძლება, გაუჭირდეთ დაბინავება-რეალიზაცია და სწორედ ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. 1 კგ რქაწითელი ეღირება არანაკლებ 0,90 ლარისა, აქედან კომპანიები სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებენ 0,35 ლარს, ანუ რეალურად, მოსახლეობა მიიღებს ამ დანამატს და ჯამში, მინიმუმ 0.90 ლარი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაიხსნა ევროკავშირის, რუსეთის და ჩინეთის ბაზრები, რაც აისახა კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე.

„სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით ჩვენ გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის. მაგალითად, 2012 წელს დაკეტილი იყო ყველა ბაზარი პრაქტიკულად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნო ევროკავშირის ბაზარი, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი ჩვენი მეღვინეებისთვის, რომ ყოველგვარი ტარიფის გარეშე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. მეორე - რუსეთის ბაზარი გავხსენით, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეღვინეებისთვის. ჩინეთის ბაზარი - ჩინეთთანაც მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ყველაფერი ჯამში, რა თქმა უნდა, აისახა ჩვენი კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი ასევე შეეხო პენსიონერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთების საკითხს და აღნიშნა, რომ შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით და ყველაფერი გაკეთდება, რათა პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადმა დაიწიოს.

„მინდა, მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო. პარლამენტში ჩემი გამოსვლისას მტკივნეულად დაისვა ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, პენსიონერებს - მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა, საუბარი გვქონდა, მეც პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან და მოვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში, ბუნებრივია, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები იქნებიან ჩართულები. ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120% შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის დაახლოებით 35%, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კიდევ ერთი საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასები.

„წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს. ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. ჩვენ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ. არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური