საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2021 წლის სხდომები

2021 წლის 25 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-02-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა 

დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შაბათ-კვირის ჩათვლით; ასევე დღეიდან, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები; ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერმა, დეტალურად ისაუბრა გაწერილ გეგმაზე, რომელიც შემსუბუქების ეტაპობრივად მოხსნას შეეხება.

„გაწერილი გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება: სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;    როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;  უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები; შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ რესტორნები შაბათ-კვირის გარდა;  არასასურსათო საცალო ვაჭრობა დასაშვები გახდება შაბათ-კვირის ჩათვლით;  მუშაობას ეტაპობრივად განაახლებენ ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სასკოლო წრეები, თეატრები, ასევე, პროფესიული ანსამბლები, სპორტული კლუბები და ა.შ. მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო - რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება, თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ აღნიშნულ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან მთავრობას სჭირდება, რა თქმა უნდა, კარგი კოორდინაცია და ამავდროულად დახმარება, მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდანაც, იმისთვის, რომ ეს მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტიანად მართავს ჯანდაცვის მინისტრი, შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაუმჯობესოთ და არ მივიღოთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია და დახმარება, მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და შემდგომ ნაბიჯებს შემსუბუქების, თუ ასე ვთქვათ, შეზღუდვების მიმართულებით, ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებზე და აღნიშნა, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა პირველ ივნისამდე გადაიწევს.

„მოგეხსენებათ,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო 2021 წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი, დაახლოებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების 19 ათას მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლებს, რომლებიც იყო ბოლო წლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იქმნება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო, რომელიც აღნიშნული რეფორმის სტრატეგიას შეიმუშავებს. 

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, რომ მათი მართვა კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც  საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნულ რეფორმას და ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ჩართულები არიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარება. სწორედ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის გარკვეული დარგების განვითარებაში. რეფორმა საშუალებას მოგვცემს, მივაღწიოთ საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რითაც ხელი უნდა შეეწყოს ეკონომიკურ აქტივობაში მათი წვლილის გაზრდას, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ასევე ფისკალურ სივრცეზე ზეწოლისა და ფისკალური რისკების შემცირებას", -  განაცხადა პრემიერმა.

დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ორი ვიცე-პრემიერი წარადგინა - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური