საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2021 წლის სხდომები

2021 წლის 28 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

მთავრობის ფორმატში დღეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს - როგორ უნდა მოვახერხოთ რაც შეიძლება სწრაფად, უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნოემბრის ბოლოს დაწესებულ შეზღუდვებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ვინაიდან მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში უაღრესად მაღალი იყო და ზოგ ქალაქში 30%-საც კი გადააჭარბა. 

„დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე. ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ისე, როგორც ზაფხულში გავაკეთეთ - ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა ჩვენს ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, სწავლა კლასებში დაიწყონ. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ეტაპობრივად ამოქმედებაც, ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ორი თვის ერთობლივი შრომის შედეგად.  რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ მანამ, ვიდრე ეტაპობრივად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, პირველი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი უკვე რამდენიმე დღეა, ხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული. 

„ორი, სამი, ოთხი ან ხუთი ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში ვერანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად უფრო პასუხისმგებლიანად და გონივრულად უნდა გადავდგათ ნაბიჯები", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ამასთან, ცვლილებები ხორციელდება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში, კერძოდ, ცალკე გამოიყოფა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მთავრობის შესაბამისი დადგენილებაც მომზადებულია. როგორც  პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

„ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ჩვენი ცხოვრების ის უძვირფასესი ნაწილი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ისევე როგორც სპორტის მიმართულება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ  ჩვენი სპორტსმენების ბოლო წლების მიღწევებს, ცალკე სამინისტროს იმსახურებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების თანახმად, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება,"- განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, მთავრობა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების დაწყებას განიხილავს, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია. 

„დღეს მთავრობა იწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია 2021-2024 წლების განმავლობაში. ეს, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და  ჩვენ ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული ამ კომერციული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ, რომლებმაც, შემდგომი წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება. გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო საწარმოების მართვა უნდა დააახლოოს კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან," -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური