საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2021 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

 

2021-09-27

.    ..

....  .....

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში 20-25 სექტემბერს იმყოფებოდა.

21 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები გაიხსნას, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა და სხვა ლიდერებმა. მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე, გაეროს გენერალური მდივნის სახელით, სესიაში მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებისთვის ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის კანცლერთან სებასტიან კურცთან, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკისთან, ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰთან. პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერის მიერ ავღანეთის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა, სადაც მათ შორის ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამუშაო სადილის ფორმატში უმასპინძლა, სადაც ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობასა და პოლონეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით.

მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გაეროს საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსნის'' სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა. უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი", რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა.

ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 22 სექტემბერს ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართა. მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მოწოდებას გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ყველაზე მსხვილი გამოწვევების დასაძლევად და აღნიშნა, რომ საქართველო არა მხოლოდ იზიარებს ამ პოზიციას, არამედ ყოველთვის არის და იქნება მზად სხვისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში საქართველოს ჩართულობაზე, ასევე რეგიონში გაწეული მედიაციის შედეგად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე.

მთავრობის მეთაური, რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად, სამხრეთ კავკასიაში ახალი სამშვიდობო ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

„საქართველო მზადაა, თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები, ჩვენი ძმები და საერთაშორისო პარტნიორები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, დასრულდეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლას ერთი მიზანი აქვს - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

პრემიერმა ისაუბრა მომავალ არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩატარდა საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული.

„რამდენიმე დღეში კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მუნიციპალური არჩევნები გველის მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დემოკრატიული წესწყობილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოექცა წნეხის ქვეშ, ხოლო ზოგ შემთხვევაში შეტევის წინაშე. ირაციონალური და მე ვიტყოდი, ბნელი ძალები ამუშავდნენ, რასაც ხშირად გარე დივერსანტები ეხმარებოდნენ და აგულიანებდნენ. მათ წყაროს მნიშვნელობა არა აქვს - ჩვენ დემოკრატიულ გზაზე უნდა დავრჩეთ. არჩევნები ხშირად ვნებებისა და მძიმე ბრძოლების ადგილად იქცევა; ემოციებიც მატულობს. თუმცა, როცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს - ხალხის ნების დამორჩილება. თუ ვერ ვირწმუნებთ არჩევნების არსს, თავად დემოკრატია აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ. ამიტომ, დღეს დემოკრატიის, წინსვლის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ყველა აქ შეკრებილ ქომაგს მოგიწოდებთ, რომ მთელი გულით მიიღოთ მონაწილეობა თქვენს პოლიტიკურ სისტემაში. როდესაც ვნებები დაცხრება და გამარჯვებული გამოცხადდება, პატივი ვცეთ ხალხის ნებას, დავივიწყოთ განსხვავებები და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. (პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=556&info_id=80438)

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდნენ.

ფოტოალბომი

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური