საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2021 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

 

2021-06-01

.      ..

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 1 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა. გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ერთობლივად განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს პროექტებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასებით, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, მედიის წარმომადგენლებო, გულითადად მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია. ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები პირისპირ და შემდეგ ჩვენს დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. თურქეთი უკვე 14 წელია, არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყოლ სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთანავე, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენს სავაჭრო პოტენციალის გაზრდისთვის და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე ყველა სხვა სფეროში საქართველოში განხორციელებულია თურქული ინვესტიციები, რომლის მოცულობა 214 მილიონი აშშ დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთია სტრატეგიული პროექტი სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ ეს პლატფორმა შევქმენით. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ჩვენ წამოწყებული გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობა. აღნიშნულის ფარგლებში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად წოდებული, რომელიც თურქეთის გავლით, კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან გვაკავშირებს ჩინეთთან.

აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, როგორ უნდა გავზარდოთ ეს სარკინიგზო მაგისტრალი, „მარმარაის" გვირაბის გამოყენების საშუალებით.

ასევე განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ „ფეტოს" ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი.

ჩვენ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები. თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას. აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს დროში, წელსვე გავმართოთ უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს სხდომა და სხდომის თარიღზე დავავალეთ, იმუშაონ საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. არსებული მექანიზმების გამოყენებით, ჩვენ განვაგრძობთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას. ამ განწყობით მე იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხედულებები და შეხვედრა ხელს შეუწყობს და განავითარებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია.

„მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ხალხს, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს; ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა; მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენდამი ასეთი თბილი მიღებისთვის.

თურქეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია.

თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ თურქეთი, მრავალი წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-არსი, თბილისი-ერზრუმი. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, პრაქტიკულად ყველა საკითხი მიმოვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეხება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ასევე, მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის ნათქვამს, რომელიც შეეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული საბჭოს მორიგ შეხვედრას, რომელსაც მოუთმენლად ველი. განგებამ ისე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამი სახელმწიფო, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ვართ ურთიერთდამოკიდებული, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენს შორის არსებობს ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში.

ჩვენ, ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. მე ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ბუნებრივია, შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ამ ოპტიმიზმით და ამ პათოსით, მე მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვართ მზად, ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში იმყოფებოდა და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ფოტოალბომი