საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2021-11-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

ჩემთვის დიდი პატივია, რომ კოლეგებთან, უკრაინის და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან ერთად ვიმყოფები ბრიუსელში.
ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბატონ შარლ მიშელთან, ქალბატონ ფონ დერ ლაიენთან და ბატონ დევიდ მარია სასოლისთან. მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს. ამ კონტექსტში მოხდება უკვე მიღწეული შედეგების გააზრება და ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ლიდერებთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა მეტად სიღრმისეული დარგობრივი ინტეგრაციისთვის.
საერთო ისტორიის გარდა, სამივე ქვეყანას გვაერთიანებს ევროპული მისწრაფებები და ჩვენი ერების მტკიცე არჩევანი, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე.
შვიდი წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს მოიცავს, ჩვენმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო მტკიცედ გვაქვს გაცნობიერებული.
ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში, სამივე ჩვენგანს შეგვიძლია საკუთრივ ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება.
კიევში ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმის, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებული ლიდერთა დეკლარაციის საფუძველზე, ასოცირებული ტრიო შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაბამისად, რათა ერთიანი ძალისხმევით სრული სარგებელი მივიღოთ ამ შეთანხმებებიდან.
ახლა აქ ვიმყოფებით, ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ.
გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები გავაცანით ჩვენს ევროპელ კოლეგებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, მათ შორის კიბერ-თავდასხმებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებები.
ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნების გარდა, ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევებიც აერთიანებს და გვინდა, რომ ამ სტრატეგიულ პოლიტიკის დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი ორი სვეტი აღვნიშნოთ - დიფერენციაცია და ინკლუზიურობა. მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან.


უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი:
კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს ეს შესაძლებლობა, რომ თქვენ პირადად გესაუბროთ და შევაჯამო ჩვენი ერთობლივი ვიზიტის შედეგები საქართვლოს და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ასოცირებული ტრიოსთვის. ეს არის ინიციატივა, სადაც ჩვენ გავცვალეთ აზრები შემდგომი განვითარების მიმართულებით. ასოცირებული ტრიო შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს და ევროპული პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ სასოლის.

მადლობელი ვარ ევროპელი პარტნიორების, იმ ღია და გახსნილი საუბრისთვის, რაც მრავალი მიმართულებით გაიშალა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. ასოცირებული ტრიოს ინიციატივა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას და მდგრადობას, იმისათვის, რომ ინკლუზიურობის, დიფერენცირების და "მეტი მეტისთვის" მიდგომის მიზნების მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა განვითარდეს მიღწეული წინსვლის საფუძველზე და არსებული სისუსტეები გამოსწორდეს და მოგვარდეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებული მდგომარეობა მოსალოდნელი სამიტის წინ აჩვენებს, რამდენად დიდია სტრატეგიული მიზნების მიღწევის აუცილებლობა ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ გეოპოლიტიკური პოზიცია და ნათელი გზავნილი მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ მეტი გააკეთონ მათ ურთიერთობებში ევროკავშირთან. ტრიოს თანამშრომლობის დღის წესრიგი გააძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტებს და არ ჩაანაცვლებს არსებულ ინიციატივებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დადებითი შეფასება იმ ძალისხმევისა, რომელიც ტრიომ სამიტამდე განახორციელა. წინსვლა ძირითადი რეფორმების განხორციელების ფარგლებში არის გარკვეულწილად კიდევ უფრო ხელშესახები, ვიდრე ადრე იყო და ეს უნდა იყოს ასახული ევროკავშირის მიდგომებში, დახმარების პაკეტებში. ჩვენ მივესალმებით იმ შემოთავაზებას, რომელიც ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას გულისხმობს და მოუთმენლად ველით გამოცხადებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას ჩვენი ქვეყნებისთვის და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პარტნიორთან ერთად იმისათვის, რომ ახალი ფლაგმანური ინიციატივები წამოვაყენოთ და ძალიან კონკრეტული პროექტები განვახორციელოთ ხელშესახები სარგებლის მოსატანად ჩვენი მოსახლეობისთვის.

მეექვსე სამიტის წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ კონკრეტული განზრახვა დავაფიქსირეთ. ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას. ასოცირების ტრიო მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირთან მწვანე და ციფრული გარდაქმნის სფეროში, დაკავშირებადობის, ენერგოუსაფრთხოების, სასამართლო სისტემის გაძლიერების, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, რაც იქნება ჩვენი ერთობლივი დეკლარაციის ტექსტში ასახული, სამიტის შედეგად. ასოცირებული ქვეყნების გაერთიანება ტრიოს ფორმატში დაიბადა ევროპის პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ ევროპის პარლამენტის მხარდაჭერის მიღებას მომავალშიც და ამბიციური მიზნების ფარგლებში დაკმაყოფილდება ჩვენი სურვილები. ევრონესტი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას დაეხმარება იმისათვის, რომ სამიტის ფარგლებში, 2021 წლის დღის წესრიგი განხორციელდეს და დაკმაყოფილდეს. მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ტრანსპორტის კუთხით გააფორმეს ასოცირების შეთანხმება, მიიღეს ვალდებულება ტრანსპორტის სფეროში გარკვეული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან სრულყოფილი პროგრამა, რომელიც სამივე ქვეყანას მოიცავს. ასოცირებული ტრიო უკვე ღრმად არის ინტეგრირებული ევროპის სატრანსპორტო ქსელში. ამავდროულად, სამივე ქვეყანა დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, იმისათვის, რომ მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია და სახელმწიფოების გაძლიერება ამ მიმართულებით. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან იმ ეტაპზეა, რომელიც აღარ გულისხმობს საგზაო ტრანსპორტირების შეთანხმების გადადებას შემდგომისთვის. ასოცირების ტრიოს ქვეყნები მზად ვართ, განვახორციელოთ ის პრიორიტეტები, რომელიც გულისხმობს მდგრად და გონივრულ განვითარებას და ახალი შემდგომი სტრატეგიების მიღებას დაკავშირებადობის კუთხით.

სხვა მრავალ ფაქტორებს შორის ჩვენ ვისაუბრეთ საბაჟო სფეროში თანამშრომლობაზე. ჩვენ ვითანამშრომლეთ იმ დათქმების განხორციელების კუთხით, რომელიც გულისხმობს ალტერნატიულ წესებს მთელი ევროპის ტერიტორიის მასშტაბით. ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ, ევროკავშირთან მივაღწიოთ თანამშრომლობას მთელი რიგი საკითხების მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ევროპაში. ამ კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანა ევროკავშირის ფარგლებში არიან ხელმომწერები იმ ენერგო შეთანხმებისა, რომელიც არსებობს და ტრიოს პლატფორმა გულისხმობს მდგრადობას, მედეგობის გაუმჯობესებას, იმისათვის, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები და მიწოდების უზრუნველყოფა მოხდეს რეგიონულ დონეზე და საერთო ინტერესები იქნას გათვალისწინებული მწვანე ენერგიის ტრანზიციის მიმართულებით.

ძვირფასო კოლეგებო! ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ახალი შესაძლებლობებით. ასოცირებული ტრიო ელის, რომ აღმოსავლეთ ევროპის სამიტი იქნება პოლიტიკური სტრატეგიული მუხტის მიმცემი და ჩვენი ორიენტირები გაძლიერდება და აისახება ჩვენი ინტერესები ამ პარტნიორობის ფარგლებში, იმისათვის, რომ წევრ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდეს.



მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა:

ასოცირებული ტრიოს ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს ვაჯამებთ. სამიტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ვიმყოფებით ბრიუსელში და ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ჩვენ გავიაზრეთ ყველა ის ქმედება, რაც უკვე განხორციელდა და ის ინიციატივები, რაც ჩვენს ქვეყნებში გვქონდა დანერგილი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები ვართ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უფრო დავახლოვდით და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა და დიალოგი უფრო გაღრმავდა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ გარკვეულ ეტაპებზე გარკვეული ჩამორჩენები გვქონდა, მაგრამ ახლა ჩამორჩენების დრო აღარ არის. ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს, გზა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე უნდა იყოს მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ.

ბოლო დროინდელი პოლიტიკური ცვლილებები მოლდოვას რესპუბლიკაში მხოლოდ აძლიერებს ჩემი ქვეყნის მტკიცე რწმენას, რომ ევროკავშირთან ასოცირება გვსურს. ჩვენ ძლიერი მანდატი გვაქვს პარლამენტსა და მთავრობაში, იმისათვის, რომ მოლდოვა დავუბრუნოთ ამბიციურ გზას და რეფორმებს და ჩვენ მტკიცე რწმენა გვაქვს, რომ ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ზიარია. ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში, კორუფციასთან ბრძოლაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკის რეფორმირებაში, ციფრულ ტრანსფორმაციაში და ეკონომიკის გამწვანებაში შედეგებს მივაღწიოთ. ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც ზაფხულში გამოცხადდა, იქნება ძლიერი და მთავარი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი ქვეყნები მიიღებს. ამას დასჭირდება გარკვეული ძალისხმევა და დრო, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური და ჯანდაცვის სისტემების კრიზისის პირობებში. ჩვენი გზა ნათელია - ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი და კეთილდღეობის მომტანი მომავალი გვინდა ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენი ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.
კარგად ვიცით, რამდენად რთულია რეფორმები და ამ ძალისხმევას არ უნდა ვუღალატოთ. ტრიოს ფარგლებში ჩვენ წარმატებული მხოლოდ ევროკავშირის დახმარებით ვიქნებით. უნდა გავაგრძელოთ ადვოკატირება ძლიერი ჩართულობის მიმართულებით, იმისთვის, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო ძლიერ იყოს ჩართული და პრიორიტეტად იქნას მიჩნეული ტრიოს ინტერესები. ეს მომავალ სამიტზე გაცხადდება.
ჩვენ გვინდა უფრო სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგი და დარგობრივი ინტეგრაცია ვიქონიოთ ევროკავშირთან. იმედი გვაქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რომელსაც აქვს პოტენციალი, პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს მათ ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ახალი საჭიროებები გამძლეობის და მედეგობის კუთხით დაკმაყოფილებული იყოს. აღმოსავლეთ სამეზობლო ბევრისთვის მოიტანს სარგებელს. ამ ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით და ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით მეტ ინტერესს და ყურადღებას ვითხოვთ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ყველა იმ მიზანსა და ორიენტირზე, რომელსაც შედეგი ექნება ჩვენს მედეგობასა და გამძლეობაზე. გაძლიერდება ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ინტეგრაცია ევროპის ენერგობაზარზე, გაძლიერდება სატრანსპორტო დაკავშირებადობა, სასამართლო სისტემა და ასე მოხდება შიდა მედეგობის გაზრდა და განვითარება. ეს მხოლოდ რამდენიმე საკითხია იმ საკითხებს შორის, რომელიც განვიხილეთ ჩვენს შორის და ასევე ევროპელ კოლეგებთან. ყველანი მზად არიან და გახსნილები არიან, რომ გააძლიერონ ჩვენი მტკიცე რწმენა. ყველანი მოუთმენლად ველით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და დეკლარაციას, რომელშიც აღიარებული იქნება ჩვენი ამბიციები და ახალი, კონკრეტული წინადადებები.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური