საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-11-29

დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთა მინისტრმა მოამზადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობს მთავრობის მიერ ინიციირებული რეგულაციები.

„ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი - ასაკობრივი ზღვარი - 25 წლამდე აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩვენს მოქალაქეებს და აქაც, გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა - ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით და ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, აქაც კარგად გვაქვს გაწერილი შესაბამისი მექანიზმები. მესამე საკითხი - რეკლამის შეზღუდვა - აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს დეკემბერში წარედგინება.

„დაპირებისამებრ, აქტიურად ვმუშაობთ, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტი დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში. ასეთია ჩვენი სურვილი და ჩვენ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად, ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ საკითხზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, იწყება საპარტნიორო ფონდის რეფორმა, კერძოდ, მოხდება ფონდის რესტრუქტურიზაცია და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში დეკემბერში დარეგისტრირდება.

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს, რომელიც, მისი შეფასებით, რეგიონში და ევროპაში უპრეცედენტოა.

„ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტო ზრდაა მთელ რეგიონში და არა თუ რეგიონში, მთელ ევროპაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება და ჩამოიტანს საუკეთესო გამოცდილებას ევროპის იმ ქვეყნებიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა.

„ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური