საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი რიკოთზე - ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში შეეძლებათ ჩასვლა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-01

.  ..

ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა და შეიძლება ითქვას, რომ სირთულის მიხედვით მთელს ევროპაში გამოირჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთზე განაცხადა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს დეტალური ინფორმაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრს და სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს ინტენსიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო ირაკლი, თქვენ და თქვენს გუნდს ასეთი ინტენსიური მუშაობისთვის. ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა და შეიძლება ითქვას, რომ სირთულის მიხედვით მთელს ევროპაში გამოირჩევა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში შეეძლებათ ჩასვლა. მინდა მივესალმო სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს და ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი მუშაობისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.
რიკოთის მაგისტრალური გზა, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, საქართველოს ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
სექტემბერში ახალი გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა იგეგმება, რომელიც 6 ხიდისა და 3 გვირაბისაგან შედგება. COVID 19-ის პანდემიის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ შეჩერებულა, პროექტებზე 4 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა.
სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14.7კილომეტრიან მონაკვეთებზე.

პარალელურად 71 ხიდი და 47 გვირაბი შენდება, საიდანაც 8 გვირაბი უკვე გაჭრილია და მათი მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები რიკოთის არსებული საუღელტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.
საერთო ჯამში რიკოთზე დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად 2021-2024 წლებშია დაგეგმილი. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და არაერთ მონაკვეთზე თითქმის გაორმაგდება, თბილისიდან ბათუმში მგზავრობას კი 3-3.5 სთ დასჭირდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში სპეციალური სივრცეები მოეწყობა, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. მსგავსი ტიპის სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური