საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - აცრის შემდეგ, გარდაცვალება, პრაქტიკულად გამორიცხულია, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, ყველაფერი გავხსენით, ავირჩიეთ მართვის გზა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, ჩვენი ქვეყანა ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-26

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის" ვაქცინა. ეს არის აშშ-ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯამში ქვეყანაშია 2 მილიონი ვაქცინა - 1,5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი".

„ამას გარდა, მილიონი „ფაიზერი" პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს. ჯამში ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა. 2 მილიონი ადგილზეა, 1 მილიონი შემოვა ერთ თვეში, მაქსიმუმ თვე-ნახევარში, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ზოგადად ვაქცინების თაობაზე. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის" საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა, რაც რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია.

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველა აქტივობას და შეკრებას.

„ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა. მინდა აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ, ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ პრაქტიკულად ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას და ნებისმიერ შეკრებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ პირველ 6 თვეში არის 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც სახელმწიფოს მისცა საშუალება, რომ წელს არც ერთი ლარი სესხი არ აეღო, ხოლო მთავრობას მიეცა შესაძლებლობა, მილიარდზე მეტით გაეზარდა ბიუჯეტი.
„ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%-იანი აპრილში, 25%-იანი მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. 12% ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი. ბატონმა ფინანსთა მინისტრმა წარადგინა უკვე კორექტირებული ბიუჯეტი. ამან მოგვცა საშუალება, რომ დავაფინანსოთ არაერთი პროგრამა ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.
„მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია ეფექტიანად. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოკდაუნი", არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

„მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქის" და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს. ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში,ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიტარონ აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.

პროგრამის დეტალებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მექანიზაციის თანადაფინანსება არის ის, რაც სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობით დაკავებულ მოსახლეობას ძალიან სჭირდება.

„ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. სექტემბრიდან შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისა. ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ტექნიკის ღირებულების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენი ნაწილი, შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული, შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობას, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ. ჩვენ გვექნება როგორც 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე მექანიზაციის დაფინანსების შესაძლებლობა, ისე 20 000-100 000 ლარამდე ღირებულების და 100 ათას ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ტექნიკის შემთხვევაში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მიწის რესურსის სრულად ათვისების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ლევან დავითაშვილი აქტიურად მუშაობს და უკვე მომზადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება.

„ლევან დავითაშვილი აქტიურად მუშაობს და უკვე მომზადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც დაიწყება სექტემბრიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩვენ მიწის რესურსი სრულად უნდა ავითვისოთ. ამ მიმართულებით, ბატონ ლევანს აქვს მომზადებული კონკრეტული პროგრამები, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ფერმერებს, ჩვენს მოსახლეობას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური