საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებები

2021-07-10

ირაკლი ღარიბაშვილი:

მოგესალმებით,
მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს,
დღევანდელი ვიზიტი არის ისტორიული. ეს გახლავთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში. ბატონი მინისტრი უდიდესი მისიით ჩამობრძანდა თბილისში. ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადმოეცა მუდმივ მფლობელობაში, გოაში, წმინდა ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც ბატონმა მინისტრმა თავად ჩამოაბრძანა საქართველოში.
მე მინდა, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო მინისტრო, თქვენს პრემიერ-მინისტრს, თქვენს მთავრობას და ინდოელ ხალხს. ეს ფაქტი არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ. ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი დღე იქნება განმსაზღვრელი ჩვენი მომდევნო თანამშრომლობის, ჩვენი მეგობრობისა ხალხებს შორის და მთავრობებს შორის.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, რომელმაც 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, გენიალური მოაზროვნის, უდიდესი ფიგურის და საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის 150 წლისთავი. დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა.
მინდა, ასევე კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, რაც კიდევ უფრო ვითარდება. ყოველწლიურად, ინდოეთიდან რამდენიმე ათასი სტუდენტი ჩამოდის თბილისში, ისინი აქ იღებენ განათლებას, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ჩვენ, შეხვედრაზე განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც შეეხება როგორც ვაჭრობას, ეკონომიკას, ასევე ზოგადად, ჩვენს ურთიერთობებს. დავსახეთ ახალი გეგმები, მიზნები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მდებარეობა კიდევ უფრო მეტად გონივრულად და როგორ შევთავაზოთ საინტერესო წინადადებები ინდოელ ინვესტორებს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არიან მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული ინვესტორები ინდოეთიდან, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ მათ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ზოგადად საინვესტიციო გარემოზე, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე, ბუნებრივია, შევეხეთ კოვიდ 19-ის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ყველა ქვეყანაში მძვინვარებს აღნიშნული პანდემია და ამ მიმართულებთ თანამშრომლობა აუცილებელია.
ასევე, მინდა ბოლოს აღვნიშნო, რომ მჯერა, დღევანდელი ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის და მეგობრობის. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მისიის შესრულებისთვის.

გმადლობთ.


სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი:

დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო,
მედიის წარმომადგენლებო,
ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. მე ვარ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთიდან, რომელიც საქართველოს ეწვია, თუმცა საქართველოში ჩამოვედი იმ განწყობით, რომ განსაკუთრებული მისია ვიკისრო. როგორც ყველამ კარგად იცით, ჩვენ შევინახეთ და სათუთად გავუფრთხილდით საქართველოს ძალიან ძვირფას მადლს - დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს. ბუნებრივია, გასაგები იყო დიდი ინტერესი საქართველოდან, ყველა ეს წმინდა ნაწილი მუდმივ მფლობელობაში გადმოსცემოდა ქვეყანას, რადგან დიდმოწამე დედოფალი ძალიან აღიარებულია თქვენს საზოგადოებაში. ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში, ამ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოცემოდა საქართველოს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ პირადად ჩამომებრძანებინა ეს წმინდა ნაწილი და მოუთმენლად ველი, რომ დღეს გაიმართება ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ქვეყანას ოფიციალურად გადმოეცემა დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილი. შეხვედრაზე, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც ვიხილავ.
ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა თქვენი კაბინეტის ბევრ წევრთან, განსაკუთრებით ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ სრულყოფილად მიმოვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მიმაჩნია, რომ ბევრი რამით შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილნი, ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში ინდოეთიდან. 8 000 სტუდენტი სწავლობს საქართველოში ინდოეთიდან და 50 000 ტურისტი ჩამოდის საქართველოში. მე ძალიან მახარებს, რომ ჩვენი ცნობილი ფილმებიც საქართველოში არის გადაღებული.

თუმცა, ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ წინსვლისთვის, რაც გაკეთდა საქართველოსა და ინდოეთს შორის, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რომ შენარჩუნდეს ეს დინამიკა და ორ მთავრობას შორის ძალიან აქცენტირებული თანამშრომლობა შედგეს. ამას მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობით.
ასევე, გვქონდა საუბარი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების საკითხებზე. დღეს, ამ ცნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აკისრია იმისთვის, რომ გაძლიერდეს და უფრო მდგრადი გახდეს ქვეყნები საერთაშორისო გადაზიდვების, იქნება ეს საზღვაო, სახმელეთო, თუ საჰაერო გადაზიდვების კუთხით და ბევრი სხვა ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ძალიან სწრაფი ტემპებით დავაჩქაროთ ჩვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით.
მადლობას გიხდით ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ასეთ დიდ ყურადღებას აქცევთ ინდოეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს. ჩვენ ვიცით, რომ ბევრ შემთხვევაში ხელი ეწყობა მათ დაბრუნებას საქართველოში, ყოველი აკადემიური სემესტრის შემდეგ. მინდა, მათი სახელით გადმოგცეთ ჩვენი ძალიან დიდი მადლიერება.

როგორც თქვენ ბრძანეთ, ინდოეთიდან დიდი ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში, განხორციელებული პროექტების ფარგლებში, ჰიდროენერგეტიკისა და მადნეულის სფეროში. ვიცი, რომ ინდოელი ინვესტორების მხრიდან დაინტერესებაა სოფლის მეურნეობის სფეროშიც. თუმცა, ეს ყველაფერი თქვენი ძალისხმევის პასუხად ხდება. საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია და ამისთვის მადლობას გიხდით. დარწმუნებული ვარ, ურო მეტი კეთილგანწყობა არსებობს ინდოეთში, ინდოეთიდან ბიზნესწრეები უფრო და უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოში კაპიტალდაბანდებით. მოუთმენლად ველით საქართველოში ვაჭრობის განვითარებასაც.
ინდოეთში ჩვენ დღეს ახალი პროექტები და სქემები გვაქვს შემუშავებული, იმისთვის, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად წახალისდეს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მოქმედი მეწარმეები, რომლებიც აზიის მიმართულებით აპირებენ გაფართოებას, ამ სქემებში ჩაერთვებიან. მადლიერნი ვართ იმ თანმიმდევრული მხარდაჭერისა, რომელიც გაეროში, სხვა საერთაშორისო, მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში გვაქვს საქართველოს მხრიდან. ჩვენ კარგი დისკუსია გვქონდა რეგიონული საკითხების შესახებ. უფრო სიღრმისეულად გვესმის ის საკითხები, რაც თქვენ და თქვენი კაბინეტის წევრებმა მოგვაწოდეთ.

მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება დღეს, რაც თქვენ ბრძანეთ, ბატონო პრემიერო. ჩვენი ეროვნული ლიდერის ძეგლის გახსნა თბილისში ძალიან დიდი მადლიერების საფუძველს გვაძლევს. მადლობას ვუხდით თბილისს, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ეს არის კულმინაცია იმ თანამშრომლობის და მეგობრობისა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობთ და რომელიც თქვენთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი და ეს შეხვედრები დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ამბიციური გეგმა გვქონდეს ურთიერთობისთვის მომავალში და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი მოგვიანებით შეხვედრებს დღის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გიხდით საჯაროდ მადლობას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან და მისი სახელით ვაცხადებ, რომ ძალიან დიდი პატივია, თქვენთვის ვიყოთ ასოცირებულნი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან, რომელიც თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

დიდი მადლობა.