საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-05-05

 ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობებზე და განიხილეს ის ისტორიული პროექტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთობლივად განხორციელდა.

შეხვედრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და ყურადღება გაამახვილა ერთობლივ, სამომავლო პროექტებზე.

"ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი რეგიონში, მას შემდეგ, რაც დავინიშნე პრემიერ-მინისტრად. მანამდე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ვიმყოფებოდი. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მეგობრობა თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას და ძმობას. შესანიშნავი შეხვედრა შედგა პრეზიდენტ ალიევთან. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის ისტორიული პროექტები, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს ბოლო წლების განმავლობაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ძალიან სტაბილურ და მდგრად ურთიერთობებს პარტნიორობას და მეგობრობას. განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი ერთობლივი პროექტები გვაძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვთან შეხვედრისას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მისივე განცხადებით, აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და აგრეთვე, მასშტაბურ ერთობლივ პროექტებს.

ალი ასადოვმა ყურადღება დაუთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, მათ შორის, კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვისა და სხვა დარგების მიმართულებით.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს. მაღალ შეფასებას ვაძლევთ პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნიდან მოკლე დროში აზერბაიჯანში ჩამოსვლას და მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ ურთიერთობებისადმი. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს კიდევ უფრო განვითარების საქმეში.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყოველთვის არსებობდა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს ურთიერთობები უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განვითარებაში ჩვენს ეთნიკურ წარმომადგენლებს, ანუ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. არა მარტო ორ ქვეყანას შორის, ასევე რეგიონული ურთიერთობები და განვითარება, ასევე ევროპასთან ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს მიერ ერთობლივად რეალიზებულ პროექტებს. გასულ წელს სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელი ნაწილის პროექტის TAP-ის რეალიზებით, შაჰდენიზიდან გაზის ევროპაში მიწოდებით, ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წლის 20 სექტემბერს თქვენი მონაწილეობით გაიხსნა ეს პროექტი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობებს, ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი, ვგულისხმობ სხვადასხვა სფეროებს, ესენია - კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა და სხვადასხვა დარგები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში,"- აღნიშნა ალი ასადოვმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური