საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-20

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მედიაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საქართველოს გამარჯვებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ძალისხმევას და ყურადღება გაამახვილა ერთიანობის აუცილებლობაზე, რათა ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად.

შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მისი ხედვისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები, სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო გეგმები.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და იმ მძიმე პრობლემებს, რომელსაც ოკუპაცია ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური