საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია

 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: - ბატონო პრემიერო, ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კვლავ ბრძანდებით ბრიუსელში, ნატოს კარგად იცნობთ და ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ კვლავ გხედავთ ჩვენთან.

საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს - პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ძალები ერთად, მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთში და ასწავლიან ადგილობრივ სამხედროებს და, იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყანა, ავღანეთი ჩვენი ძალისხმევით, აღარასოდეს გახდება საერთაშორისო ტერორიზმის ოაზისი. მადლობელი ვართ საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევისთვის ამ მიმართულებით.

დღევანდელ შეხვედრაზე და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით, რომელიც გასულ წელს განახლდა. ეს არის ალიანსის მიერ საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საფუძველი. იგი საქართველოს ეხმარება ალიანსის ძალებთან ეფექტიან თანამშრომლობაში და ნატოში გაწევრიანების მომზადებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ჩვენი ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით. გუშინ ნატოს მეორე საზღვაო ჯგუფი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ვიზიტის მიზანია ჩვენი საზღვაო ძალების თანამშრომლობის უნარის ამაღლება, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების გზით. ამით ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ ერთად ვმუშაობთ და ეს პროგრამა ცხადყოფს, რომ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და შედეგებზე გავდივართ.

შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს და საქართველოს პრიორიტეტია. ჩვენ გვაშფოთებს რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში. რუსეთი ყირიმს იყენებს შავ ზღვაზე ძალების შემდგომი განვითარებისთვის. ამიტომ, ვმუშაობთ შავ ზღვაზე ჩვენი პატრულირების გაძლიერებაზე. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში ნატოს აღელვებს და ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და მოქმედებების არგამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგიწოდებთ, ოპოზიციასთან ერთად, საერთო ენისა და გამოსავლის ძიებაზე მუშაობის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით დასწრებისთვის, მობრძანებისათვის. საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: - დიდი მადლობა, ბატონო იენს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მასპინძლობისათვის ნატოს შტაბბინაში. საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით, მაქვს პატივი, რომ განვიხილო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკური და არსებითი დღის წესრიგი და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული. ჩვენი ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ეს არის ფართო კონსენსუსის საკითხი მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. ნატოს მნიშვნელოვანი როლისა და ჩვენი დღის წესრიგის გათვალისწინებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში, ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და თავსებადი პარტნიორი. საქართველომ დაადასტურა თავისი კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარების შესაძლებლობა ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში, 860 ქართველი კაცი და ქალი, 10 წლის განმავლობაში, ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მსახურობდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისადმი მათი თავდადებით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით დამტკიცდა ქვეყნის სათქმელი. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც რეგიონის ქვეყნებისთვის თანაბრად ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს. ევროპული უსაფრთხოება არ შეიძლება შედგეს უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის გარეშე. ეს რეალობა მტკივნეულად ცხადი გახდა ბოლო წლების განმავლობაში. მივესალმებით მოკავშირეთა სტრატეგიის "ნატო 2030"-ის ამოქმედებას, რაც საბოლოოდ დაგვაკავშირებს ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციასაც.

2020 წელი აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება მას უფრო ამბიციურ დონეზე აიყვანს და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მეტად იქნება მორგებული. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ყველა მოკავშირეს აქტიური მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან.

ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და ჩვენი გამძლეობის გაზრდაში. ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს, დღის წესრიგს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა. ეფექტიანობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად. ამიტომ, საქართველოს წინადადების, მისი თავდადების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს გამოიწვევს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან წევრობას ისახავს მიზნად.