საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-02-16

...

ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოქმედ შეზღუდვებსა და დადგენილი რეგულაციების დაცვასთან ერთობლიობაში, ვაქცინაცია არის კოვიდ-19-ის დამარცხების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა და ამ პროცესისთვის ქვეყანა აქტიურად ემზადება. უკვე შექმნილია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და დაწყებულია გეგმით განსაზღვრული ნაბიჯების განხორციელება.

ამასთან, ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოში ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უმთავრესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ოფიციალური ნებართვა და მისი საერთაშორისო აღიარებაა.

შეხვედრისას ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში ვაქცინების წარმოებასა და მოთხოვნას შორის არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მათ შორის ევროკავშირის მასშტაბით, ვაქცინაციის პროცესი ფერხდება.

მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, განაგრძონ ინტენსიური მუშაობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა შესაბამისი, მათ შორის ლოგისტიკური პირობა, რომ ქვეყანამ ვაქცინაციის განხორციელება ვაქცინის პირველივე დოზების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყოს.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს" პრეზიდენტი გიორგი გოცაძე. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ნორვეგიიდან შეუერთდა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური