საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2020 წლის სხდომები

2020 წლის 17 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც ყველგან, მთელს მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. დღეს ჩვენ ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ იყო მიღებული, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ათობით მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ დრო უნდა მოგვეგო,"- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.

„ეს ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში - ვირუსის რისკების მართვა, ვირუსის დროში გავრცელების მართვა, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, აღვადგინოთ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. ვიდრე გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვებით რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს ეკონომიკის აღდგენის პროცესი, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებები არ იგეგმება.

„ჩვენ სხვადასხვა არხებით მოგვდის ჩვენი ბიზნესის, ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლების ფრთხილი იმპულსები - ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, ქვეყანაში აღარ განმეორდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეის მდგომარეობით პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და ამავე დროს, მოქალაქეების ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით, გაიხსნება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია Wizz Air-ი განახორციელებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, როგორებიცაა Lufthansa, AirFrance, Airbaltic, ​ასევე - საქართველოს ეროვნული გადამზიდავისთვის.

„ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად ამოძრავდეს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. ჩვენ, ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 ოქტომბრიდან ფართოვდება „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში არსებული მცირე მეწარმეები.

„ჩვენ ივნისში დავაანონსეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც არის პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი კომპონენტი და ძალზედ პოპულარული და ეფექტური იყო ბოლო წლების განმავლობაში. ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 9400-მა მოქალაქემ. ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონამდე და ასევე - ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც, რომელიც იყო 20 000 ლარი და გახდება 30 000 ლარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„ეს არის გრანტის სახით დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი საქმე და ბიზნესი. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ამ პროგრამების შესახებ ისინი ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, მათსავე ქალაქებსა და რეგიონებში. ყველამ უნდა ერთხმად დავუჭიროთ მხარი ინიციატივას, რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯები გადადგას ბიზნესში და აიღოს პასუხისმგებლობა თავის მომავალზე. ამ პროგრამისთვის განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას, ეტაპობრივად დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ.

„ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური